LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის არსებულ სქემაში ცვლილება შეიტანა

113
ლევან დავითაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით მთავრობამ განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის მექანიზმი ჩამოაყალიბა. მისი თქმით, საუბარია ფიქსირებული ფასის მხარდაჭერაზე, რაც პრინციპული ფაქტორია კომერციული რისკების დასაზღვევად ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას და ამან მეტ დეველოპერს, კერძო ინვესტორს მისცა საშუალება, ინვესტიციები განახლებადი ენერგიების პროექტებში განეხორციელებინათ. 

განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის არსებულ სქემაში შეტანილი ცვლილების შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ის მთავრობას საშუალებას მისცემს აუქციონებზე დაფიქსირებული ფასით პოტენციურ ინვესტორებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელება შესთავაზოს, რაც განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიმართულებით პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს და ინვესტიციებს წაახალისებს.

ლევან დავითაშვილი ისეთ პროექტებსაც შეეხო, რომლებიც ვერ ხორციელდებოდა:

„აქაც მკაფიო მექანიზმები გვაქვს – მოთხოვნები გაზრდილი გარანტიების კუთხით. კვალიფიციური დეველოპერები სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მიღებას და ინვესტიციების განხორციელებას შეძლებენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება შემდეგ წლებში. თუ ჩვენ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სიმძლავრეებს მხარს დავუჭერთ და ე.წ. ბიუროკრატიული პროცედურები დასრულდება, მომავალ წლებში ამ პროექტებში ინვესტიციების საკმაოდ მაღალი დინამიკა იქნება. მიმდინარე წელიც ძალიან აქტიურია, ბევრი სადგური შევა ექსპლუატაციაში. ჩვენი მოლოდინით, ინვესტიციების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აქტიური 2025-26 წლები იქნება”.