საქართველოს მთავრობამ შაქრის საიმპორტო გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნებული დადგენილებიდან ირკვევა, რომ 100 კილოგრამზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტის შემთხვევაში, 1 კგ შაქარი 40 თეთრიანი გადასახადით დაიბეგრება, რაც ტონაზე 400 ლარის მოსაკრებელს ნიშნავს.
შაქარზე იმპორტის გადასახადი ქვეყანაში 1 წლის ვადით – 2025 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 22 აპრილამდე იმოქმედებს.
„დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზე, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე. საზღვაო გზით ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საბაჟო ორგანოს წარედგინება: კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შაქრის გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.
აღსანიშნავია, რომ შაქრის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველოში 11 084 ტონა შაქარი შემოვიდა (7.019 მლნ დოლარის ღირებულების), რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3400 ტონით მეტია.
ქვეყნები, საიდანაც მიმდინარე წელს შაქრის იმპორტი განხორციელდა არის: საფრანგეთი (4982 ტონა), უკრაინა (1275 ტონა), პოლონეთი (1080 ტონა), რუსეთი (1023 ტონა) და ნიდერლანდები (918 ტონა).