საქართველოს მთავრობის პოზიციის გამო, ბალტიისპირეთში მოქმედმა მსხვილმა სავაჭრო ქსელმა უარი თქვა ერთ-ერთ ქართული კომპანიის პროდუქციის მიღებაზე – ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ (EDA) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გვანცა მელაძე აცხადებს.
„პოლიტიკური განწყობები შეიცვალა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მსხვილმა სავაჭრო ქსელმა არ მიიღო ქართული პროდუქცია იქიდან გამომდინარე, რომ აქედან არ წავიდა შესაბამისი მესიჯები“, – განაცხადა მელაძემ.
ის კომპანიის დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამის ნებართვა არ აუღია. „ეს არის საკმაოდ აქტიური ქართული სურსათის ექსპორტიორი კომპანია, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე, პროდუქციას ძირითადად ყიდის ევროკავშირსა და განვითარებულ ბაზრებზე. მესიჯი ასეთი იყო – როდესაც თქვენი მთავრობა პოზიციას შეიცვლის, შემდეგ განვაახლებთო“, – აღნიშნა გვანცა მელაძემ.