თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 7:4 დაამარცხა მეტოქე. ტურნირის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა, ალექსანდრე იაშვილმა. ვეტერანმა ფორვარდმა მეტოქეს პოკერი შეუსრულა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მის გარდა უკრაინელთა კარი ლევან კობიაშვილმა (2) და დავით მუჯირმა აიღეს. მეტოქემ კი, ნაგორნიაკი ჰეთთრიკითა და ციხმეისტრუკის ერთი ბურთით გვიპასუხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ ტურნირის გამორჩეული მოთამაშეებიც. საუკეთესო ფეხბურთელად უკრაინის ნაკრების მოთამაშე, სერგეი ნაგორნიაკი დასახელდა. ბომბარდირი 8 გატანილი გოლით ალექსანდრე იაშვილი გახდა. საუკეთესო მეკარედ კი უეფას გუნდის წევრი ნოელ მუნი აღიარეს. ესპანელ ხუან კაპდევილას საპატიო პრიზი, ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა.
ეროვნულ ნაკრებთა ფინალამდე თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ზამთრის თასის საკლუბო ფინალს უმასპინძლა. ამ შეხვედრაში ერთმანეთს „გაგრა“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. საინტერესო შეხვედრა გაგრელთა გამარჯვებით 6:4 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლები პაპავამ (2), გაფრინდაშვილმა (2), ვეკუამ და ქურდაძემ გაიტანეს. დინამოელთა მხრიდან კი მეტოქის კარი ლობჟანიძემ (2), არაბულმა და თევზაძემ აიღეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი დააჯილდოვა, „გაგრას“ კი, კუთვნილი ჩემპიონის თასი გადასცა. ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად გაგრელი გიორგი ქურდაძე დასახელდა, ბომბარდირი კი დინამოელი საბა ლობჟანიძე გახდა.