საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ესტუმრა

1549706347-unnamed-1024x670

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ესტუმრა და წყალტუბოში ის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელთაც სამკურნალო ტურიზმის განვითარების რეალური პოტენციალი გააჩნიათ. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტს წყალტუბოში სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უმასპინძლეს.

ხაზი გაესვა წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მნიშვნელობას, სამკურნალო ტურიზმის და ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის.

პრეზიდენტი უშუალოდ ესტუმრა ძველ სანატორიუმებს: „მეშახტე”, „მედეა”, დაათვალიერა სტალინის აგარაკი, ცივი ტბა, საწურბლიას მღვიმე, გუდიაშვილის პანო.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ და პრეზიდენტის მხარდაჭერით, პროცესის გააქტიურების იმედი გამოთქვეს.

მხარის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დაინტერესდნენ ინვესტორები. პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმა დაიდოს და მისი განვითარების ტემპი დაჩქარდეს.

აღინიშნა, რომ წყალტუბო და ქუთაისი უნდა განიხილებოდეს ერთ ურბანულ კონტექსტში. წყალტუბოში კი, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გასათვალისწინებელია წყალტუბოს პარკების, მღვიმეების და გამორჩეული არქიტექტურის დაცვის აუცილებლობა.

პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები