საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დღეს ომის ვეტერანს ოლგა ცალანს ესტუმრა და 91 წლის ვეტარანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ოლგა ცალანი ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის დააჯილდოვა და ფარმაცევტული კომპანია „ავერსისა“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან 140 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი გადასცა.
„ვულოცავ ყველა იმ ვეტერანსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოლა ფაშიზმის დამარცხებისათვის და ვინც დაამარცხა კაცობრიობის ეს საშინელი სენი.
ვულოცავ და მადლობას ვეუბნები მათ, იმისათვის, რომ მსოფლიო არ ჩაიძირა ამ საშინელების მორევში.
სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კაცობრიობა ჰუმანიზმის იდეების ირგვლივ ტრიალებს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.