საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” მონაწილეების პატივსაცემად მიღება გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა გენდერულ თანასწორობასა და საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. “სასიხარულოა, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ის მნიშვნელობა, რომელსაც ქართული საზოგადოება ანიჭებს გენდერულ თანასწორობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს არანაირად არ იკლებს და მუდმივად აქტუალურია. ეს სასიხარულოა განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც შარშან ამ დროს, ჩვენ გადავწყვიტეთ 2015 წელი ქალთა წლად გამოგვეცხადებინა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე გვესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა, არ შემიძლია არ გავიხსენო ის მძიმე სტატისტიკა, რომელიც შარშან საქართველოს ჰქონდა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით. ჩვენ ვერ გავექცევით და ვერ დავმალავთ ამ სამარცხივნო და მძიმე რეალობას, განსაკუთრებით დღეს, როდესაც შევიტყვეთ, რომ კიდევ ერთი ასეთი მსხვერპლი ჩაიწერა შავი ასოებით ჩვენს დღევანდელობაში, როდესაც ვიგებთ რომ სამი შვილის დედა გამოასალმეს სიცოცხლეს.
ამ მძიმე ფონზე მინდა ვისაუბრო იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენ, როგორც საზოგადოებას გვქონდა და დღესაც გვაქვს, მაგრამ არის ასევე ძალიან სერიოზული მზაობა და ჩართულობა ამ მხრივ მთელი საზოგადოების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ მივესალმები ყველა აქ მყოფ ადამიანს, იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამ პოლიტიკური დღისწესრიგის წამოწევაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანობა უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთი ტრაგიკული მოვლენები არასდროს აღარ განმეორდება.
დღეს ამ დარბაზში შევეცადეთ საკუთარი თავისა და უცხოელი სტუმრებისათვის ცოტათი მაინც შეგვეხსენებინა თუ რამდენად აქტიურია ქართულ კულტურასა და საზოგადოებაში ქალის როლი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებაში ქალის როლი, რომლის წამოწევაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ თავიდანვე პოლიტიკურად იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
დღეს მე ისევ გავიხსენებ იმ სტატისტიკას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, რომლის მიმართ ქართულმა საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტი გამოიტანა და დაგმო.
გასააზრებელია ის რომ რეალურად, იმისათვის რომ ჩვენ შევქმნათ უფრო ძლიერი, ეფექტური და მოქმედი საზოგადოება, ჩვენ უნდა გავუხსნათ ქალებს უფრო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა.
ჩვენ შორის ძალიან ბევრი გამორჩეული ქალბატონია, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მთავრობაში.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ წელს მუდმივად ვციდლობდი ქალბატონები ყოფილიყვნენ იმ მნიშვნელოვან თანამდებობებზე, რომლებსაც მე წარვადგენ, ასეთი არის უშიშროების საბჭოს მდივანი, ქალბატონი, რომელიც ჩემთან მუშაობს.
მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ რეფორმების ფარგლებში, რომელსაც ჩვენ სასამართლოს მიმართ ვატარებთ და რომელიც ქართული დემოკრატიის მშენებლობაში უმნიშვნელოვანესია. შევძელით და ვიპოვეთ ყველაზე კვალიფიციური და გაუტეხელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში. არასდროს შესულა არცერთ გარიგებაში, არცერთ პოლიტიკურ ძალასთან და დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს, ქალბატონი ნინო გვენეტაძე.
ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური დღისწესრიგი არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ინდივიდუალური დანიშვნებით და ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის, მათ შორის პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ჩვენ უნდა გვქონდეს სტაბიულური სისტემა, იმისათივის, რომ სახელმწიფოში უზრუნველვყოთ რეალური გენდერული თანასწორობა. ამ თვალსაზრისით ვიცით, რომ პარლამენტში შეტანილია კანონი საპარლამენტო სიებში გენდერული ბალანსის შესახებ.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ის სისტემები სადაც მეტი ქალია წარმოდგენილი პოლიტიუკური მმართველობის სისტემებში, უფრო სტაბილური, ძლიერი და უფრო რეალურ მიზნებზე არის ორიენტირებული.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელიც წელს, ქალთა წლის ფარგლებში განვახორციელეთ და კიდევ ბევრი გამარჯვება გვექნება მოსაპოვებელი ამ მიმართულებით. იმედს გამოვთქვამ, რომ აღარასდროს გვექნება გასახსენებელი ის მძიმე ამბები, რაც გვქნონდა შარშან და რაც გვაქვს წელს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნული კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ ბერუჩაშვილმა.
სპეციალურად კონფერენციის მონაწილეებისათვის ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელზეც მე-19 და მე-20 საუკუნეში მოღვაწე 50 ცნობილი ქართველი ქალბატონის ფოტო გამოიფინა.
ღონისძიებას კონფერენციის მონაწილეები, სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და NAთO-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.