საქართველოს რეგიონებში, წლების განამავლობაში მიტოვებული, რეწვისა და დიზაინის რამდენიმე ათეული სახელოსნო ამოქმედდა.
როგორც „ფორტუნას“ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრიდან აცნობეს, პროექტი ევროკაშირის დაფინანსებით განხორციელდა.
ახლადამოქმედებულ სახელონოებში დამზადებული უახლესი პროდუქციის გამოფენა იგეგმება რეწვისა და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტზე, რომელიც 23 სექტემბერს „ექსპოჯორჯიაში“ გაიხსნება.
„სამიტი არის ხელნაკეთი ნივთების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენა სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანია: ტრადიციული ხელოსნობის და გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნება და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება; საერთაშორისო ბაზარზე ქართული ტრადიციული რეწვის ნაწარმის ცნობადობის გაზრდა; საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატებისთვის მოტივაციის ამაღლება, მათთვის ახალი კონტაქტებისა და ახალი საბაზრო პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა; ამიერკავკასიაში ტრდიციული რეწვის და დიზაინის ბიზნეს ფორუმის ჩამოყალიბება, რომელიც მსგავსი ტიპის სასაჩუქრე-სასუვენირო საერთაშორისო გამოფენა/ბაზრობების სიაში ჩაეწერება,“- განაცხადეს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში.
რეწვისა და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას მიიღებს 250 ოსტატი საქართველოდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.