სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ით, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ – 6556.
იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ. ცალკეულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 067 202 მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 407 814 მგზავრი, ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა – 9 თვეში ის 995 099 მგზავრს მოემსახურა.
სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მესამე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25 905 ტონა შეადგინა. ტვირთბრუნვა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ითაა გაზრდილი.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს, მას 1 065 618 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- Wizz Air Hungary – 17% (1 065 618 მგზავრი)
- Georgian Airways – 8% (509 238 მგზავრი)
- Turkish Airlines – 7% (458 370 მგზავრი)
- Pegasus – 7% (453 550 მგზავრი)
- Red Wings – 6% (408 018 მგზავრი)
- Azerbaijan Airlines – 6% (358 291 მგზავრი)
- Azimuth – 4% (258 586 მგზავრი)
- EL AL – 4% (255 460 მგზავრი)
- Israir – 3% (204 645 მგზავრი)
- Fly Dubai – 3% (182 703 მგზავრი)
