LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 21 % გაიზარდა

99

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში  გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 21 % გაიზარდა. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” 2016 წლის პირველი 5 თვის ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის  საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში, ამ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა და სულ 54429 მგზავრი შეადგინა. “ურალის ავიახაზებმა” ბათუმის აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულებით, ეკატერინბურგსა და სანკტ-პეტერბურგში ფრენების შესრულება კვირაში 2 სიხშირით დაიწყო. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე 2 ახალი ავიაკომპანია “ეარ არაბია” და “ელ-ალ ისრაელის” ავიახაზები დაიწყებს ოპერირებას, რომლებიც ფრენებს შარჟასა და თელ-ავივის მიმართულებით განახორციელებენ.  ხოლო ავიაკომპანია “სკატი” 2016 წლის ივნისიდან ფრენებს აქტაუს მიმართულებით შეასრულებს. ივნისიდან რეგულარულ ჩარტერულ ფრენებს თეირანის მიმართულებით “ტაბან ეარლაინსი” შეასრულებს. მთლიანობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 2016 წლის ზაფხულის სეზონზე რეგულარულ რეისებს 11 ავიაკომპანია 12 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ამ პერიოდში, მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და სულ 73,851 მგზავრი შეადგინა. 27 მაისიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით კვირაში სამის ნაცვლად ოთხი სიხშირით დაიწყო ფრენების შესრულება, ხოლო 4 ივნისიდან ფრენები კიევის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. ასევე, 2016 წლის სექტემბრის თვიდან აეროპორტში ბაზირებას მოახდენს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზ ეარი” და არსებულ ფრენებს დაემატება 7 ახალი მიმართულება ევროპის მიმართულებით –  ბერლინი, დორტმუნდი, მიუნჰენი (მემინგენი), მილანი, სალონიკი, სოფია და ლარნაკა.

10 მარტიდან ნატახტარის აეროდრომიდან ქუთაისის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია “სერვისეარი”. ამავე ავიაკომპანიამ რეგულარული ავიარეისების განხორციელება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით დაიწყო.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, პირველ 5 თვეში მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 703310 მგზავრი შეადგინა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარტიდან თეირანის მიმართულებით ფრენების შესრულება ორმა ირანულმა ავიაკომპანიამ “ატა ეარლაინსმა” და “ქეშმ ეარმა” დაიწყო, ხოლო ივნისიდან თელავივის მიმართულებით ფრენებს კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია “ელ-ალი ისრაელის” ავიახაზები შეასრულებს. ივნისის ბოლოდან რეგულარული ჩარტერული რეისების შესრულებას თეირანისა და ისპაჰანის მიმართულებით “ტაბან ეარლაინსი” დაიწყებს.  2016 წლის ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს 30 ავიაკომპანია 27 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს.

რაც შეეხება მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს. აეროპორტი 2016 წლის 5 თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტი  1197 მგზავრს მოემსახურა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-იან ზრდას შეადგენს. საერთო ჯამში, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპროტში, 2016 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა და მგზავრთა ოდენობამ 831,590 შეადგინა.

magti 5g