„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოსა და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს“, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტრო ეუთო-ს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში აღნიშნავს, „საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“.
„საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ქ. ვენაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ეუთო-ს სამდივნოს მიმართ და აქვს პატივი, გამოხატოს საქართველოს მთავრობის შეშფოთება ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განხორციელებული პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომელიც მოიცავდა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საოკუპაციო ხაზზე ვიზიტს და შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელთან, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას, რომლებმაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად, გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი. მინისტრი ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც არ ასახავს რეალობას, წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს.
აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან, რომელთა შორისაა – სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში, გაეროს A/RES/20/213 რეზოლუციაში, ეუთო-ს წესებსა და პროცედურებში და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში.