ბრიტანულ პუბლიკასთან გამართული პირველი, ტრიუმფალური შეხვედრისა და სრული ანშლაგების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ინგლისში კიდევ ერთ მასშტაბურ საგასტროლო ტურნეს აანონსებს. 17-დან 26 ივლისის ჩათვლით, დასი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდეს და პრესტიჟულ თეატრში — ლონდონის კოლიზეუმში (London Coliseum) — კლასიკური ბალეტის შედევრს, „გედების ტბას“, ახალი რედაქციით წარადგენს.
ეს ქართული საბალეტო დასის რიგით მეორე ვიზიტია ინგლისში, რაც კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ პარტნიორობას.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, პირველი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონის „კოლიზეუმში“ 15 სპექტაკლი სრული ანშლაგით გამართა. წარმოდგენებს 30,000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, ბრიტანულმა პრესამ და კრიტიკოსებმა დასს უმაღლესი შეფასებები მიანიჭეს, ხოლო თავად დადგმა ლონდონის ვესტ-ენდში (West End) „კვირის შოუდ“ დასახელდა.
