LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საკურორტო პოტენციალს აშშ-ში SPA მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალზე გაეცნენ

120
ფესტივალი

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) მიწვევით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაციამ სპა მემკვიდრეობის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სარატოგა სპრინგსში (ნიუ-იორკის შტატი) გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში, კონფერენციაზე „ევროპის თერმული მემკვიდრეობა“ კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა აუდიტორიას საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ისტორია და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები გააცნო. 

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია, EHTTA-ს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ასოციაციის წევრის სტატუსით, ქალაქ სარატოგა სპრინგსის მერს ჯონ საფორდს, ნიუ-იორკის შტატის ტურიზმის განყოფილების აღმასრულებელ დირექტორსა და ვიცე-პრეზიდენტს როს ლევის, ნიუ-იორკის შტატის პარკების კომისარსა და შტაბის უფროსს რენდი სიმონსს, სარატოგა სპრინგსის ეროვნული პარკის დირექტორს ალენ ბალ ჩინიანს შეხვდა. გაიმართა B2B შეხვედრები თერმული კურორტების მმართველობაში ჩართულ, ასევე, ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან.

საფესტივალო პროგრამა ტურისტულ გამოფენასაც მოიცავდა, რომელზეც ორი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების, მათ შორის საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების მდიდარ მემკვიდრეობას. 

SPA მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალს 300-მდე ექსპერტი, სხვადასხვა სფეროსა და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, კურორტების განვითარების სააგენტო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის წევრი გასულ თვეში გახდა. 

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აფილირებული წევრი. ასოციაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს.

magti 5g