LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შეუძლია ევროპული ფასეულობები დაასხივოს რეგიონში: ვკარგავთ თუ არა სუვერენიტეტს – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

137
678

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ე.წ. „გამჭირვალობის კანონმა“ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სახელისუფლებო მხარე სუვერენიტეტზე ამახვილებს ყურადღებას და გარედან თავს მოხვეულ დირექტივებს გაურბის, თუმცა ოპონენტების მოსაზრებით შეუძლებელია იცხოვრო ისეთ თანამეგობრობაში, სადაც სხვის წესებსა და ინტერესს არ გაითვალისწინებ.

ამ საკითხზე და ასევე ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებზე გვესაუბრება ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ევროკავშირი არის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი საზოგადოება და მმართველობის ყველაზე თანამედროვე ფორმა.
თუ თანამედროვე მსოფლიო მიისწრაფვის დემოკრატიისკენ, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ, მაშინ ევროკავშირი არის მოწინავე.
არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არ არის მმართველობის საუკეთესო ფორმა, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ სადაც დემოკრატიაა, იქ არ არის ომი. ევროკავშირის პირველი ღირებულება ალბათ გახლავთ ის, რომ ქვეყნებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ევროპულ, გნებავთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, ერთმანეთს არ ეომებიან. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ იქ სხვა სტიმულები მოქმედებს, სხვაგვარად ვითარდება საზოგადოება და სხვა მიმართულებით აქვთ ენერგია გამოყენებული.

მეორე ის, რომ ყველა ეს ქვეყანა კონცენტრირებული, ფოკუსირებულია ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, ინდივიდის არსებობაზე. იქ არავინ არ არის იგნორირებული. რა არის ევროპული დემოკრატია? პირველ რიგში ინკლუზიური დემოკრატია. თუ ბერძნული დემოკრატია ნიშნავდა უმრავლესობის მმართველობას, რაც სამწუხაროდ ბევრის მიერ ჩვენთან ასეა გაგებული: თუ გაქვს უმრავლესობა, ესე იგი გაქვს ყველაფრის უფლება და შეგიძლია სხვების იგნორირება მოახდინო. ევროპული დემოკრატია ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის უმცირესობების, რომელთაც არ აქვთ პირდაპირი გავლენა წარმომადგენლობით ინსტიტუტებში, უფლებები უნდა იყოს დაცული, შესწავლილი და შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული. ეს არის ევროკავშირის ძალიან დიდი მიღწევა და ევროკავშირთან და ამ სივრცესთან მიერთება, ნიშნავს ამ ღირებულებებთან გაერთიანებას და მის დამკვიდრებას.

დღეს აქტუალურია ამ საკითხზე საუბარი: ევროკავშირის წევრობა რამდენად ითვალისწინებს მისგან მომდინარე შეთავაზებებისა თუ დირექტივების შესრულების აუცილებლობას და რამდენად ტოვებს სუვერენიტეტის სივრცეს?

აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ სუვერენობის, როგორც ტერმინის ცნება. სუვერენობა გულისხმობს თავისუფალ ნებას. ხაზი უნდა გავუსვათ – ქვეყნის ნებას და არა მისი მმართველის.

როდესაც ქვეყანა შედის ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებებში ან ნებისმიერ ორგანიზაციაში, სადაც არსებობს წესები და უერთდება ამ წესებს, რა თქმა უნდა, ის თავისი სუვერენიტეტის ნაწილს გადასცემს. აბსოლუტური სუვერენიტეტის მფლობელი არის მხოლოდ ის ქვეყანა, რომელიც არის იზოლირებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან.
ისევე როგორც ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს ოჯახი, რასაც უნდა იმას აკეთებს, მაგრამ როცა ოჯახში ცხოვრობს, აუცილებლად იცავს გარკვეულ წესებს. თუ ეს ნიშნავს სუვერენობის დაკარგვას, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მცდარი შეხედულება. აქ ხდება სუვერენიტეტის განაწილება, კოლექტიური სუვერენიტეტის შექმნა და შეთანხმება ნებაყოფლობითი ხდება.

როდესაც ევროპის საბჭოში გაწევრიანდი და აიღე ვალდებულება, რომ კონვეციებს შეასრულებ, ესე იგი შენ იღებ აქედან სარგებელს. სამაგიეროდ ჰპირდები, რომ დაიცავ იგივე წესებს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს სუვერენიტეტის დაკარგვაა და რა გვინდა ევროსაბჭოში? მაგრამ თუ გამოვალთ, მაშინ სხვა ქვეყნები უკვე აღარ არიან დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს, პატიმრის უფლებებს, რომ ვიცავთ იმ ფასეულობებს და აღარ გვენდობიან, სასამართლო მართლა ევროპის სტანდარტით მოქმედებს? მცირდება კომუნიკაცია, მხარდაჭერა, ინვესტიციები, ნდობა…
ესე იგი რა გამოდის? ისინი აძლიერებენ შენს ქვეყანას, მის იმიჯს, შესაძლებლობებს და მათ შორის სუვერენიტეტს, როდესაც საერთაშორისო სისტემაში ერთიანდები.

სრულ დემოგოგიად მიმაჩნია, როდესაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება ჩვენი შიდა გადაწყვეტილებები და ვიღაც ამბობს, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და გარედან ნურავინ ნუ მიგვითითებს. ეს არის ნონსესი, აბსურდი. შენ თუ არღვევ საერთაშორისო სამართლის ნორმას და შენი კანონი გაძლევს ამის საშუალებას, ასეთ დროს მოქმედებს საერთაშორისო ნორმა. გამოდის, რომ შენ არღვევ საკუთარ კონსტიტუაციას, რადგან კონსტიტუციის მუხლია, რომელიც ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალს გააჩნია პრიმატი ანუ არის უპირატესი ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან მიმართებაში.

საერთაშორისო სისტემებში ინტეგრაციას, რაც წარმოადგენდა ჩვენს მიზანს დაწყებული 1990-იანი წლებიდან, ვახორციელებდით ჩვენი სუვერენული ნებით. ახლა შესაძლოა ვიღაც ამბობდეს, მოდი დეზინტეგრაცია მოვახდინოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი. სინამდვილეში ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, თანაც კონსტიტუციის და ამასთან საერთაშორისო ნორმების რღვევით.

აღნიშნეთ, რომ ევროპის წევრობა ომის აცილებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ არ ვართ შუაგულ ევროპაში და რუსეთიც არაფრად აგდებს შეთანხმებებს, რამდენად გარანტირებულად იქნება საფრთხე აცილებული?

რუსეთთან ხელშეკრულებებს არავინ დებს. გარიგება შეიძლება გააკეთო, იგივე ჩინეთის მაგალითზე, მაგრამ შეთანხმება არა. რუსეთი არ იცავს შეთანხმებებს, საერთაშორისო სამართალი უკვე გათელა. რაიმეს იმედი, რომ საერთაშორისო შეთანხმების შედეგად ეს წარმოშობს ვალდებულებას, მაგალითად არ დავესხმებით თავს, არ შეიძლება გქონდეს. რუსეთისთვის არ არსებობს საერთაშორისო ვალდებულება. არავითარი აზრი არ აქვს რაიმე გარანტიის აღებას. ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია დასავლეთი, კონკრეტულად აშშ და ევროკავშირი და სხვა პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მიცემულ სიტყვას და აღიარებენ საერთაშორისო ნორმებს.

ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს ახალ გეოპოლიტიკურ სივრცეში ის, თუ რა შედეგით დასრულდება რუსეთ-უკრაინის, ფაქტობრივად რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება?

რუსეთ-უკრაინის ომი აუცილებლად შეცვლის საერთაშორისო წესრიგს და აუცილებლად მოხდება გეოპოლიტიკური ცვლილებები. მოთამაშეების ადგილი და როლი შეიცვლება. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მოხდება ტერიტორიების განაწილება, შეიცვლება გეოპოლიტიკა ევროპაში. უსაფრთხოების სისტემები შეიცვლიან სტრატეგიას, წესს, მიზნებს. ჩვენი უსაფრთხოება დადგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. რუსეთს არაფერი დაუდგება, რომ პრაქტიკულად მოახდინოს ოკუპაცია ან ჰიბრიდულად, მარიონეტული რეჟიმი დასვას და ჩვენი საგარეო პოლიტიკის აქტივობა დაიმორჩილოს, როგორც ამას გეორგიევსკის ტრაქტატი ითვალისწინებდა.

იმედია, ეს არ მოხდება, რუსეთი დამარცხდება და იმედია აღდგება საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, რომელიც ჩამოყალიბდა ნაბიჯ-ნაბიჯ გაეროს შექმნიდან, განვითარდა და აღდგება საუკეთესო ფორმით. რუსეთის შეუზღუდავი ძალისმიერი შესაძლებლობი, რომელიც ზეწოლას ახდენს და ცდილობს შექმნას პოლუსი, სადაც თავად იქნება გამგებელი, დასამარდება და განვითარდება მულტილატერალური, მრავალმხრივი თანასწორუფლებიანობა.

საქართველო რითია მიმზიდველი ევროპისთვის?

ევროპისთვის საქართველო არის ძალიან მიმზიდველი. პირველ რიგში, ვართ ევროპული ერი და ამას ვამტკიცებთ. ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, რომელთანაც ხდება ინტეგრაცია, იყოს მენტალურად და ღირებულებებით მასთან დაახლოებული. არ მინდა რელიგიური ელფერი მივცე, მაგრამ ევროპა ეს არის ქრისტიანულ ცივილიზაციაზე აღმოცენებული. ჩვენთვის სრულად მისაღებია. ჩვენთვის ევროკავშირში გაწევრიანება და საერთო სახლში ცხოვრება არის ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე ბევრი სხვა ერისთვის.

მიმზიდველი ვართ ბევრი ნიშნით. პირველ რიგში იმით, რომ ვართ დემოკრატიის მოყვარული, უფრო სწორად მივისწრაფვით დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისკენ.

ამის გარდა მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ გეოპოლიტიკურად. ევროპისთვის მნიშვნელვანია ამ რეგიონში იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც ამ უნივერსალურ ღირებულებებს გაატარებს. ევროპას სურს მშვიდობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კეთილდღეობის სივრცე გაზარდოს და საქართველო ხელშემწყობი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დიდი როლი ითამაშოს და ეს ფასეულობები დაასხივოს რეგიონში.

საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დერეფნის სახელმწიფოს, შეუძლია დიდი როლი ითამაშოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. შავი ზღვის პირას სახელმწიფო ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მთელი ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში.

ეს არის ინტერესი, მაგრამ ევროპისთვის მარტო ინტერესი არ არის წინა პლანზე, ევროპისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინტერესია ევროპული ღირებულებების გავრცელება. ხოლო იქ, სადაც ხდება ამის ადვილად გავრცელება, ეს უკვე საინტერესოა ევროპისთვის.

ფოტო: pbservices
carnegieendowment
usip
tufts

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g