LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი ისე, რომ წევრი არ ერქვას – პრეზიდენტი ახალი ინიციატივაზე საუბრობს

salome zurabishvili

საქართველო ევროკავშირს ახალ ინიციატივას შესთავაზებს, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებმა გამოიჩინონ ინიციატივა, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული.

ბრექსითიმ შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გააჩინოს. შეიქმნება ახალი არასტანდარტული ფორმატები, რომელთა გამოყენებაც საქართველოს შეეძლება. ჩვენი იდეაა, ვისარგებლოთ ევროპული არჩევნების გადამწყვეტი მომენტითა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლის იუბილეთი, მოვაწყოთ კონფერენცია ბათუმში, სადაც ევროკავშირის წევრებსა და ასოცირებულ სახელმწიფოებს მოვიწვევთ. სწორედ ასოცირებულმა სახელმწიფოებმა უნდა გააკეთონ შეთავაზებები, რადგან ევროკავშირს მომავალზე ფიქრისთვის და ახალი იდეების წამოყენებისთვის ჯერ დრო არ ექნება. ვეცდებით, ამით ვისარგებლოთ და ჩვენი იდეებითა და შეთავაზებებით შევავსოთ თავისუფალი სივრცე,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა, რომლის შეთავაზებასაც საქართველო ევროკავშირისთვის გეგმავს.

„იმ სამოქმედო გეგმის მთავარი იდეა, რომლის წარდგენასაც ბათუმში ვაპირებთ, არის ის, რომ საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი ისე, რომ წევრი არ ერქვას. ჩვენ უკვე გავაფორმეთ სატრანსპორტო შეთანხმება, ისეთი პროგრამები, როგორიცაა Erasmus-ი, საქართველოს სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარგად უნდა დავფიქრდეთ და წარვადგინოთ შეთავაზებების კონკრეტული სია, რომელიც ჩვენს ინტერესებს გამოხატავს. მათ შორის გარემოს დაცვა, შრომითი კანონმდებლობა, ეს არის რამდენიმე სფერო, რომელშიც რესურსები გვჭირდება,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რით შეიძლება, საქართველომ ევროკავშირი მოხიბლოს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „საქართველო რთულ რეგიონში სტაბილურობის კუნძულია.“

„ეს ასეა ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის აგრესიული თამაშების მიუხედავად, რომელიც აგრძელებს ჩვენზე ზეწოლას, განსაკუთრებით ე.წ. გამყოფ ხაზებთან. საქართველო სტაბილურობის ღუზააევროკავშირის ახლო სამეზობლოში. დღეს ასევე ვხედავთ სომხეთს, რომელიც საქართველოს გამოცდილებას იყენებს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. ერევანი ამ გზას ჩვენს შემდეგ გადის. ეს აჩვენებს, რომ საქართველო მარტო არ არის. აზერბაიჯანიც დაინტერესებულია ევროკავშირთან ურთიერთობებით,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველო ცენტრალურ აზიასა და ჩინეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, რაც ეკონომიკური კუთხითაც საინტერესოა.

„ევროკავშირთან დაახლოებასთან ერთად, რაც გულისხმობს ვიზების ლიბერალიზაციას, ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, ჩვენ ასევე უნდა გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოებისთვის. ეს კონკრეტულად გულისხმობს ადამიანებისა და პროდუქტების დაკავშირებას შავი ზღვის საშუალებით. ეს იქნება თვალსაჩინო და სიმბოლური ნაბიჯი წინ. ამ მიზნით, ჩვენ შევუერთდით ევროპის სატრანსპორტო ქსელს, რომლის საშუალებითაც საქართველო 3,5 მილიარდი ევროს საინვესტიციო პროგრამისგან სარგებელს მიიღებს,“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g