საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება.
ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში, „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმს“ დაესწრო. პლენარული სხდომისა და მრგვალი მაგიდის ფორმატებში, საერთაშორისო პარტნიორებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევები და მათზე რეაგირების გზები განიხილეს.
საერთაშორისო ღონისძიება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ინიციატივით მეორედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, ევროკავშირის წევრი და 60-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებმა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, წამყვანი ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა.
ფორუმის მიზანია, მონაწილეებმა განიხილონ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, განამტკიცონ მსოფლიო მშვიდობა და ხელი შეუწყონ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას.