ლეგენდარული ტელეწამყვანი, რომელთან ერთადაც ქართული ტელემაუწყებლობის ისტორია დაიწყო, უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.
ლია მიქაძეს პატივი მიაგეს კოლეგებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
ლია მიქაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ყველასთვის ცნობილი ტელეწამყვანი 86 წლის ასაკში, 10 ნოემბერს გარდაიცვალა.
საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა
ლია მიქაძე იყო საქართველოს პირველი ტელევიზიის პირველი სახე, რომელმაც ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძასთან მოწყობილი ტელეხედვის სტუდიიდან მოსახლეობას სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყების შესახებ აცნობა. მას შემდეგ, 50 წლის განმავლობაში მაყურებელს ეკრანიდან ესალმებოდა. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემას, ღონისძიებას თუ საზეიმო ეთერს უძღვებოდა. ცხრა წლის წინ ტელევიზიამ ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ წამყვანს მთაწმინდაზე ვარსკვლავი გაუხსნა.