ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, უკრაინის მიერ გარკვეულ პროდუქტებზე ექსპორტის შეზღუდვის ფონზე, საქართველოს უკრაინიდან იმპორტირებული პროდუქტების დეფიციტი არ ემუქრება. როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს.
„სამინისტროს გამოცდილება აქვს, მათ შორის პანდემიის პირობებშიც, როდესაც ლოჯისტიკური ჩავარდნები იყო ამა თუ იმ პროდუქტზე. პროცესების სწორად მართვის გამოცდილება აქვთ და მაქსიმალური კომუნიკაცია კერძო სექტორთან მარაგების მონიტორინგის კუთხით. აქაც შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს დეფიციტი არ ემუქრება არცერთი მიმართულებით“, – აღნიშნავს დავითაშვილი.
მინისტრმა დღეს ლარის კურსის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღეს ობიექტური ფაქტორები არ არსებობს, რომ ლარი უფასურდებოდეს. ძირითადად, ეს არის ემოციური ფაქტორების გამო. „დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად, მათ შორის საზოგადოებასთან ერთად, რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს“, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.