LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში – რა საკითხები განიხილა ილია დარჩიაშვილმა მინისტერიალზე

58
BeFunky-collage

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მიმდინარე ომისა და საერთო საფრთხეების ფონზე, რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ომის დაწყების დღიდან საქართველოს მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი გამოჩენილ სოლიდარობას და ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მიერ უკრაინისადმი გაწეულ პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ილია დარჩიაშვილმა სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტის, დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

სუამ-ის 39-ე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ.

მინისტერიალზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები და მათი გაფართოების პერსპექტივები.

 

 

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა  შეხვედრა გამართა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთო-სთან. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია. აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.ხაზი გაესვა ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და აღნიშნულ ფორმატში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ეუთო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g