საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოთხოვნას, საქართველოს უნივერსიტეტის შენობა დაყადაღდეს, შემდეგ კი ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია ეხმაურება.
როგორც კონსტანტინე თოფურიამ „ფორმულას“ განუცხადა, ამ საქმეს სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მისივე თქმით, არსებული ქონება საქართველოს უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა.
„სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ, როგორც გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს გავხდებითო საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდან და თვითონ გურგენიძე, წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.
რაც შეეხება, ახლა შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება, ჩვენ არაერთხელ სასამართლოში შევიტანეთ, გავასაჩივრეთ ეს, თუმცა რა თქმა უნდა, რეაგირება რა ამას არ ჰქონია. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო თავის დროზე, რამდენიმე მილიონად შეძენილი. როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია. წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეს ქონებები ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და შემდეგ ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს.
ეს ქონებები იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასოდეს “გეპეი” არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას, ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა.
საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ კამპანია არის დაწყებული პრაქტიკულად უნივერსიტეტის დაარსების მომენტიდან, ეს “ერთი ლარის თემა” სულ ისმოდა, წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მერეც, ბოლო ერთი თვეა უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა ეს კამპანია, თუმცა მანამდეც, არ ვიყავით განებივრებული მათი უყურადღებობით.
ზოგადად, როგორც ვთქვი, სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა ამ საქმეს არ გააჩნია. პოლიტიკურად და ზოგადად წინასწარ შეფასებას ვერ ვიტყვი, მაგრამ საქართველოს [უნივერსიტეტის] პოზიციები არის ძალიან მყარი, სამართლებრივად არის ძალიან მყარი. ეს ქონებები, თავის დროზე აშშ-ს დახმარებით იქნა გარემონტებული და რეაბილიტირებული, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში, წარმოიდგინეთ, ეს იყო ცარიელი კარკასები, აქ არაფერი იყო და დღეს არის შექმნილი საუკეთესო უნივერსიტეტი.
ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომ გადასცემოდა ეს ქონებები, ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ბევრი ქონებაა, რომელიც ასევე მოუვლელია და გუშინ პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაში არის უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა. ჯერ იმ შენობებს მოუარონ, რაც ჩაჰბარდათ, რაც გადასცა ეკონომიკის სამინისტრომ მათ და მერე იფიქრონ მიშენებებზე“, – განუცხადა კონსტანტინე თოფურიამ „ფორმულას“.