LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს ზოგიერთი უკმაყოფილებით და შურით უყურებს“ – გივი მიქანაძე

142
გივი მიქანაძე

„ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით. ზოგი ამას უკმაყოფილებით და შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მიქანაძემ შეკითხვაზე: „რას იტყვით დასავლეთის ზეწოლაზე საქართველოს ხელისუფლებაზე? რა დასკვნების გამოტანაა აქედან შესაძლებელი? შეიცვლება თუ არა სიტუაცია 2025 წელს? – უპასუხა:

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყნებთან მიმართებით არსებობს მიზანმიმართული ორმაგი, მე ვიტყოდი, სამმაგი სტანდარტის გამოყენების პოლიტიკა, როცა რატომღაც შესაძლებელია საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ზოგიერთი კანონის მიღება, მაგრამ საქართველოში რატომღაც შეუძლებელია მსგავსი და კიდევ უფრო ლიბერალური კანონების მიღება.

ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი არ იღებს პოლიტიკას, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ოჯახურ და ეროვნულ ფასეულობებს, კულტურულ და ისტორიულ ტრადიციებს. საქართველოსთვის კი, ხალხის უმრავლესობისთვის ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დასავლეთის თვალსაზრისით, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მხოლოდ იმ ნარატივების მხარდაჭერაში, რომლებიც მნიშვნელოვანია გარკვეული უმცირესობებისთვის, რომლებიც მხარს არ უჭერს ჩვენი საზოგადოების ტრადიციულ ღირებულებებს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის განცხადებით, „დასავლური ქვეყნების უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 54%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციურმა პარტიამ ამ არჩევნებში, რომელმაც გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი და მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ 11%-ი მიიღო“:

„თუნდაც ერთობლივად ავიღოთ ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში, მათ 15-16%-ით ნაკლები აქვთ, ვიდრე მმართველ პარტიას. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ამ 12 წლის განმავლობაში, რაც მმართველი პარტია ხელისუფლებაში იყო, გადადგა ის ნაბიჯები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მისაღებია მოსახლეობისთვის და რაც მთავარია, ვინარჩუნებთ მშვიდობას: ეს არის პირველი მთავრობა 1991 წლის შემდეგ, რომელმაც შეძლო საქართველოში სტაბილური მშვიდობის მიღწევა.

ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რა დაბრკოლებების წინაშე დგას აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი, ისევე როგორც თქვენ გესმით, რა დაბრკოლებების წინაშე ვდგავართ ახლა. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით. ზოგი ამას უკმაყოფილებით და შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა.

ვიცით, რომ ისტორიაში არსებობდნენ იმპერიები, რომლებმაც დაიპყრეს ნახევარი მსოფლიო და მართავდნენ გიგანტურ ტერიტორიებსა და ხალხებს, მაგრამ დღეს მათ ვერ ნახავთ მსოფლიო რუკებზე და ჩვენმა შედარებით პატარა ქვეყნებმა და ხალხებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა და გადარჩენილიყვნენ, რადგან ჩვენ ყოველთვის მიმართული ვიყავით იმ ღირებულებებისა და განსაკუთრებული ტრადიციებისკენ, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჩვენს იდენტობას და ორიგინალობას“, – აღნიშნა ქართველმა პოლიტიკოსმა.

მიქანაძის განმარტებით, ევროპაში სიტუაცია მალე მკვეთრად შეიცვლება:

„იგივე პროცესები მიმდინარეობს ავსტრიასა და საფრანგეთში. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ მემარჯვენე ძალები, რომლებიც, პირველ რიგში, მიმართულია ეროვნული პრიორიტეტებისა და თვითიდენტიფიკაციის მხარდასაჭერად, სულ უფრო მეტ ძალასა და მხარდაჭერას იძენენ, ხოლო მემარცხენე ლიბერალური ძალები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს უპირისპირდებიან, კარგავენ ძალას. ასე რომ, ვფიქრობ, ევროპაში სიტუაცია მალე მკვეთრად შეიცვლება. ასევე, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ჩვენთვის ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებასთან ერთად, მის შეხედულებებსა და მიდგომებს ბევრი საერთო აქვს „ქართული ოცნების“ პოზიციასთან“, – აღნიშნა მიქანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g