თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობი განიხილეს. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მოლაპარაკებების გამართვაზე გადაწყვეტილება საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომის (2014 წლის 27-28 ნოემბერი) ფარგლებში იქნა მიღებული. საავიაციო უწყებებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „თურქმენეთის ავიახაზების“ (Türkmenhowaýollary) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყების თაობაზე. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თურქმენული მხარე აშხაბადი – თბილისის რეისების შესრულების შესაძლებლობას მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან განიხილავს – მას შემდეგ რაც აშხაბადის ახალი საერთაშორისო აეროპორტი საზეიმოდ გაიხსნება.
მხარეთა გადაწყვეტილებით, ფრენების დაწყების ხელშეწყობისა და საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების დროულად მოგვარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უახლოეს მომავალში თურქმენეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რომლის საფუძველზე, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და თურქმენეთის ნებისმიერ დანიშნულების პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აქამდე საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის იყო შესაძლებელი. ამასთან, ქართული მხარის ინიციატივით, საავიაციო ხელისუფლებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ ახალი, ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყებენ მუშაობას (ამჟამად ძალაშია 1993 წლის 17 აგვისტოს შეთანხმება), რაც ხელს შეუწყობს ავიაკომპანიებს შორის თავისუფალი კონკურენციისა და სატარიფო პოლიტიკის განვითარებას, ასევე მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. მოლაპარაკების ფარგლებში საავიაციო უწყებებმა ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო რეისების განხორციელების ხელშეწყობასა და გამარტივებაზეც იმსჯელეს.