მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2025 წლის პირველი იანვრიდან კი, ავტობუსებისა და სხვა, 10 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებების აკრძალვა იგეგმება. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, რაც პირველ რიგში ავტომობილებითაა გამოწვეული.
„ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას მონიტორინგს მუდმივად უტარებს გარემოს ეროვნული სააგენტო. დიზელი იყო დარჩენილი, მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის. ხარისხის რუტინულად შემოწმება ხდება. დღეს ერთი-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ბევრ გაუმართავ ავტომობილთან. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომობილებს“, – ირაკლი განაცხადა ღარიბაშვილმა.