საქართველოში 3D ნახატებს ქაღალდის ეფექტით ქმნიან. როგორც ”ფორტუნას” იდეის ავტორმა, ახლაგაზრდა მეწარმემ გიორგი ხუციშვილმა განუცხადა, ის კედელზე მოხატვითა და ჩარჩოების წარმოებითააა დაკავებული. მისივე განმარტებით, აღნიშნული საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ სიახლეს წარმოადგენს, შესაბამისად, დიდი მოთხოვნა არ არის. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მეწარმე დაზგის შეძენას და საკუთარი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.
”ვმონაწილეობ ახალგაზრდების დასაქმების ახალ პროგრამაში. დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში ვაპირებ მინი-საწარმო მოვაწყო, სადაც დავამზადებ ჩემს ჩარჩოებს. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ვართ 4კაციანი ჯგუფი, რომელიც ამ საქმითაა დაკავებული. ვხატავთ კედლებს როგორც ოფისების, ისე სახლებისთვის. ძირითადად დაკვეთებზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა ხუციშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კედლის დეკორაციები კეთდება საღებავებით, რაც შეეხება ჩარჩოში განთავსებულ 3D ნახატებს, ისინი ქაღალდის ეფექტით იქმნება. თვითონ ჩარჩოები არის როგორც ხის, ისე პლასტმასის.
როგორც ახალგაზრდა მეწარმემ განმარტა, ჩარჩოების გასაყიდი ფასი მისი ზომიდან და სირთულიდან გამომდინარე 20 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე ადის. რაც შეეხება კედლის მოხატვის ღირებულებას, ის 50 ლარიდან იწყება.
ცნობისთვის, გიორგი ხუციშვილი ახალგაზრდების დასაქმების ახალ პროგრამაში „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში” მონაწილეობს და დაფინანსების მოპოვებას ელის.