LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებით ევროპის სხვა ქვეყნებზე მეტი ბავშვი კვდება

123

„ბოლო 3 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად  2 500-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება,  გარდაიცვალა 70-მდე,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა განუცხადა.
ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ თბილისის მერიის მხარდაჭერით კვლევა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვთა დაზიანებისა და სიკვდილიანობის შესახებ მიღებული მაჩვენებლები 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

„კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებლები ნამდვილად საგანგაშოა. ეს კი ჩვენი, ზრდასრული ადამიანების ბრალია. ბავშვი საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, მისი ცნობიერება იმ მომენტისთვის არ აძლევს ამის საშუალებას. კვლევა ჩატარებულია მშობლებში, მძღოლებში და მშობლები არ უარყოფენ, რომ ბავშვს ისვამენ კალთაში და ისე მგზავრობენ, ამავე დროს სპეცსავარძელს არ იყენებენ, გადაჰყავთ ბავშვები შუა გზაზე, იქ სადაც მოძრაობა ინტენსიურია. ბუნებრივია, პრობლემები არის მძღოლებშიც და საბოლოო ჯამში, მივდივართ იქამდე, რომ სკოლებში და ბაღებში ბავშვები ვერ იღებენ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამის განათლებას,“ – აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

 

აქცია მძღოლების გასაფრთხილებლად
53-ე საჯარო სკოლასთან, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ორგანიზებით, ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების პრობლემასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ორგანიზაციის წევრებმა და ცნობილმა სახეებმა მიიღებს. როგორც დავით მესხიშვილი აცხადებს, აქცია იყო მოწოდებითი ხასიათის და გამაფრთხილებელი მძღოლებისათვის.

„როგორც წესი, მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით დადიან სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ ასეთ ადგილებში ხდება. დღევანდელი აქცია იყო საზოგადოების გაფრთხილება და მოწოდება, რომ მძღოლებმაც და მშობლებმაც უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საგზაო საუფართხოების თვალსაზრისით,“ – განმარტავს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია საჯარო ბიბლიოთეკაში გამართავს პრეზენტაციას, სადაც განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენენ.

მესხიშვილის თქმით,  მოქმედი კანონმდებლობა „არაჰუმანურად არღვევს ბავშვთა უფლებებს“, რადგან ბავშვის ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური სავარძლით.

რა უნდა გაკეთდეს

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის რეკომენდაციაა, ბაღისა და სკოლის პედაგოგებმა გაიარონ საგზაო უსაფრთხოების სპეციალური კურსი, რომელიც მომზადებული იქნება სპეციალისტების მიერ, შემუშავდეს და დაინერგოს საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა სკოლისა და საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებისთვის.  იმ ქვეითისთვის კი, რომელსაც ბავშვი გადაჰყავს გზაზე წესების დარღვევით, ჯარიმა იყოს ძალიან მკაცრი.

ასოციაციას, ასევე, აქვს სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან კამერების, რადარების დაყენების მოთხოვნა. მოითხოვს, შეიქმნას მაქსიმალური უსაფრთხოების სტანდარტები, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორია უნდა დაიყოს ზონებად, 200 მეტრის რადიუსში ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, რომ მძღოლმა ვერ იმოძრაოს 20 კმ/სთ სიჩქარეზე მეტი სისწრაფით.

„ეს არის ჩვენი მოთხოვნების პაკეტი, რომლის შემუშავების შემთხვევაშიც, მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება“, – ამბობს მესხიშვილი.

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g