რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ ნიკა ესაკია სტუმრობდა, რომელმაც საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ საქმიანობასა და მარჯანიშვილის თეატრში 5 ივნისს დაგეგმილ წარმოდგენაზე ისაუბრა.
სპექტაკლი „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, რომლის რეჟისორი ნატალია გალოგრეა, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრების მძიმე ცხოვრებაზე მოუთხრობს მაყურებელს. მართალია, დადგმა ნაღვლიანია, მაგრამ ფინალი მაინც ოპტიმისტური აქვს. ამასთანავე, ჩვენმა ფონდმა სრულიად უსასყიდლოდ მოახერხა იტალიელი მსახიობის, ცნობილი სერიალის „რვაფეხას“ ვარსკვლავის სიმონა კავალარი ჩამოყვანა. კავალარის ანგარიშზე 60-მდე ფილმი და ისეთ მსახიობებთან თანამშრომლობაა, როგორებიც ჯან-კარლო ჯანინი, ვიტორიო გასმანი, სტეფანია სანდრელი და მიკელე პლაჩიდო არიან. კავალარი 31 მაისს ჩამოვა თბილისში და ერთი კვირით დარჩება, ასე რომ, საკმაოდ დიდი დრო გვექნება, რათა გავაცნოთ ქართული კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები. 5 ივნისს კავალარი ჩვენს სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას, მერე კი, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობებთან მოაწყობს შეხვედრას.
საქართველოში ცნობილი იტალიელი მსახიობი, სერიალ „რვაფეხას“ მონაწილე, სიმონა კავალარი ჩამოდის
ჩვენი სპექტაკლის მთავარი მიზანი საზოგადოების ყურადღების მიქცევაა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ონკოლოგიური დაავადებები ბავშვებში, რისი უყურადღებოდ დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ჩვენი ფონდი დაარსების დღიდან ჩართულია ამ პრობლემის გადაწყვეტაში, უამრავი ღონისძიება მოვაწყვეთ და უამრავი იტალიელი ვარსკვლავი მოვიწვიეთ, რადგან სწორედ ასე ვცდილობთ ბავშვების დახმარებას. ვფიქრობ, მთავარი ბავშვების დარწმუნებაა, რომ ცხოვრება მშვენიერია და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ.
ამავე პრობლემებს მიეძღვნა სპექტაკლი და კავალარის ვიდეო-მიმართვა, რომელშიც მადლობა გადაუხადა სპექტაკლში მონაწილე ყველა მსახიობს და იტალიის საელჩოს, რომელიც ყოველთვის მხარს გვიჭერს. არაჩვეულებრივი ელჩი ჰყავთ იტალიელებს და ბედნიერი ვარ, რომ მასთან თანამშრომლობის საშუალება მაქვს.
იტალია ბავშვობაში შემიყვარდა იტალიელი მომღერლების – ადრიანო ჩელენტანოს, ტოტო კუტუნიოს, ალ ბანოსა და რომინა პაუერის დუეტის, ჯგუფის „რიკი ე პოვერის“ და სხვათა წყალობით. იმ პერიოდში ვნახე „რვაფეხაც“, სიმონა კავალარი კი, ქალის იდეალი გახდა ჩემთვის. მართლა ძალიან მიყვარს იტალიელები, რადგან მსუბუქები, უშუალოები არიან და ძალიან ჰგვანან ქართველებს. ჩვენი ფონდი ყოველთვის გრძნობს იტალიელების მხარდაჭერას. სამომავლოდ კიდევ მრავალი მსახიობის ჩამოყვანას ვგეგმავ, ჩემი ოცნება კი, რობერტო ბენინის გაცნობაა, ამიტომ იმედი მაქვს მოლაპარაკება შედგება და ბენინიც უახლოეს მომავალში გვეწვევა.