საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ინტერვიუს lagazzetta.ge გვთავაზობს.
ევროპის ჩემპიონატმა რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?
პირველი და მთავარი, რაც ამ ტურნირმა მომცა, თავდაჯერებულობაა. ასევე, დაგვანახა, რომ სწორ გზაზე ვართ. ეს შედეგი გამომდინარეობს იქიდან, რომ ცხოვრებაში სწორად აკეთებ ყველაფერს. შეიძლება დღეს ცუდ სიტუაციაში იყო, მაგრამ თუ თვლი, რომ ყველაფერს
სწორად აკეთებ, ადრე თუ გვიან, შედეგი მოვა. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველას ოცნებაა და იქამდე მისვლა ადვილი არავისთვის არ არის.
ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო.
დიახ, პირველი იყო და იმედია, არა ბოლო. დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდ წარმატებებს მივაღწევთ. ევრო2024-დან გამოვარდნის შემდეგ, სამშობლოში დავბრუნდით და ხალხი ისე დაგვხვდა, თითქოს ჩემპიონები გავხდით. ეს იმის მანიშნებელია, რომ თუ ბოლომდე იბრძოლებ და ყველაფერს გააკეთებ მიზნის მისაღწევად, უკვე წარმატებაა.
ქართველები როგორი ხალხი ხართ?
საქართველოში დგას ძალიან დიდი ქანდაკება, რომელიც არის ქალი ღვინით და ხმლით. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გვესტუმრებით და ჩვენი მეგობრობა გინდათ, მიგიღებთ ღვინით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისიამოვნოთ. მაგრამ თუ ცუდი განზრახვით მოხვალთ, ხმლით დაგხვდებით. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ გონებრივად და ფიზიკურად. მრავალი ომი გამოვიარეთ, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ენა, ტრადიციები, რელიგია და მიწა. ასეთი პატარა ქვეყანა რომ ასეთ დიდ წარმატებებს აღწევს, ბევრის მთქმელია. ბოლოს და ბოლოს, UFC-ში 2 ჩემპიონი გვყავს.
ისინი შენთვის შთაგონების წყარონი არიან?
დიახ. არამარტო ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილიც. გირჩევთ უყუროთ ფილმს, სადაც საუბარი ილიას ცხოვრებაზეა, რადგან იქ ნახავთ რა გამოიარა საქართველომ. ჩვენ ძალიან შრომისმოყვარეები ვართ. თუ რაღაცის გვჯერა, ყველაფერს გავაკეთებთ.