“ერთად ევროპისკენ” – ამ სახელწოდების აქცია 5 ივნისს 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
აქციის შესახებ ორგანიზატორებმა დღეს, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ იწვევენ ყველას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია.
დღესვე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მოქალაქეებმა საკუთარი სურვილი – შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს – ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით დაადასტურეს, დროშა კი ბრიუსელში გაიგზავნება.
“გვსურს, გაცნობოთ ჩვენი მოქალაქეების ურყევი ნება – შევუერთდეთ ევროპულ მძლავრ ოჯახს და ამას ევროკავშირის დროშაზე ხელის მოწერით ვადასტურებთ.
ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი და მტკიცე ნების სიმბოლიკით ხელმოწერლი ეს დროშა ბრიუსელში გაიგზავნება.
5 ივნისს 19: 00 რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევთ ყველას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია, ვიწვევთ პოლიტიკოსებს და პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით, ვიწვეთ საჯარო სექტორს და მოქალაქეებს”, – აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა ბრიფინგზე.
ბრიფინგზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ გზას საფრთხე ემუქრება:
“საქართველოს ახლა ძალიან უჭირს და თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა, ქართველობა, საქართველო, ქართული ენა და კულტურა, ევროპისკენ უნდა წავიდეთ, ამიტომ არის საჭირო, რომ კვირას ყველა აქ მოვიდეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ევროპულ გზას საფრთხე ემუქრება”, – განაცხადა მან.
როგორც გაგოშიძემ “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ მას სურს ევროპა და აქციაზე რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, მით უფრო უკეთესი იქნება:
“გამოკითხვის დროს, ქართველების 70 %-ზე მეტი ამბობს, რომ ჩვენ ევროკავშირში გაერთიანება გვინდა.
ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან მოსწონს ევროპა, განათლების მისაღებად თავის შვილებსაც ევროპაში აგზავნიან – აშშ-ში, ევროპაში. რუსეთში არავის გაუგზავნია იმიტომ, რომ იციან, რუსეთი არ ვარგა, მაგრამ, რეალურად, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, ერთ კაცს ემორჩილება ჩვენი პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, ეგ არ გამოვა, მაგათ უნდათ, რომ ეს წყობაც შეინარჩუნონ და თან ევროპის კეთილდღეობით ისარგებლონ, ამას ახერხებენ კიდეც და უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ, ქართველებსაც გვინდა ევროპა და ამას სჭირდება მასა – რაც უფრო მეტი ხალხი მოვა, მით უფრო დაგვიჯერებენ და მით უფრო ჩვენსას გავიტანთ”, – აღნიშნა იულონ გაგოშიძემ “ფორტუნასთან” საუბარში.
ხელოვნებათმცოდნემ, გოგი ხოშტარიამ ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქვეყანას ოქროს ურდოს მემკვიდრეები, ახალი მონღოლები ემუქრებიან”:
“დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველაზე პრინციპულ საკითხებში ჩვენი ორიენტაცია დასავლეთზეა, მთელი ისტორია ეგ არის.
აკუნინი წაიკითხეთ, ეგ უნდა გავრცელდეს, ნობელის პრემია ეკუთვნის, პირდაპირ წერს…
ოქროს ურდოს მემკვიდრე გვემუქრება, ახალი მონღოლები გვემუქრებიან, რას სჩადიან უკრაინაში, აქ ნაკლებს ჩაიდენენ? და სიამოვნებით არ ჩაიდენენ? როგორ ფიქრობთ? ეს საფრთხე არსებობს.
ამ დროს არის ასეთი არჩევანი, როცა იცი, რომ შეიძლება ყაჩაღი დაგესხას თავს, შენ ხელები უნდა ჩამოყარო, თუ რაც შეგიძლია, იმით მიხედო? მობილიზაცია – შეგიძლია 30 000 გამოიყვანო, უნდა იცოდეს, რომ ბრძოლა იქნება კბილებით, ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად.
რა არ გადაგვხდა, ყველაფერი გავიაზრეთ ბოლომდე – რატომ მოხდა? როგორ მოხდა? 9 აპრილს იყო ერთიანობის არაჩვეულებრივი განცდა, ის 9 აპრილის სული მენატრება… სასამართლო არ გვაქვს, ამის გარეშე დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია”, – განაცხადა ხოშტარიამ.
“მეტი სატანა შეუძლებელია” – ამის შესახებ პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა უნდა გამოხატონ სურვილი – სურთ თუ არა ევროინტეგრაცია:
“დღეს თუ ვინმეს კიდევ ახსნა სჭირდება, თუ რატომ უნდა მოვიდეს და იდგეს აქ, თუ რატომ უნდა მოსწონდეს როტერდამი და არა ხაბაროვსკი, თუ ამის ახსნა არის საჭირო… არ ვიცი.
დღეს ვინც რუსულ ინტერესს ატარებს… აქ ხომ თუ “ქოცი” არ ხარ, “ნაცი” ხარ და თუ “ნაცი” არ ხარ, “ქოცი” ხარ – “დაქოცნაცებულები ვართ”, ამიტომ ვამბობ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ვისაც უნდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება – დაბრუნდეს.
ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ თურმე უფრო მეტია ის ხალხი, ვისაც ხაბაროვსკსა და მოსკოვში ყოფნა უნდა? მე რუსულად აღარ ვწერ, რუს ახლობლებს აღარ ველაპარაკები. რუსეთი უკვე დამარცხდა და ვეღარასდროს ვეღარ იქნება ისეთი.
დღეს თუ ვინმეს აქ დგომა და სახლიდან გამოსვლა ეზარება – “აბა ომი გინდა? აბა მიშა გინდა?” ჯერ ერთი, ჩვენი ევროპელობა მიშაზე გადის და ჩვენი გაერთიანებაც მიშაზე გადის. მე მიშა კი არ დამყოლია და ჩემს მეტი არავინ იყო, ვინც კიოდა? უმიშაობა არის უმუშაობა.
დღეს ჩვენ გვინდა ევროპა თუ არ გვინდა? თუ რა ჯანდაბა გვინდა”, – თქვა ყუბანეიშვილმა.