LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა იხსნება

368
new

ხვალ „ნიუ ჰოსპიტალსში“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი იხსნება, რომელიც პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. თავად ახალი შენობის სრული დატვირთვით ამოქმედება კი  18 მარტს იგეგმება.

როგორც ცენტრიდან „ფორტუნას“ აცნობეს, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გარდა, აქ იქნება კარდიოქირურგიული განყოფილება, ნევროლოგიისა და  ნეირორეაბილიტაციის გაფართოებული განყოფილება და ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი განახლებული ფორმატით. აპრილიდან კი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას დაიწყებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, კლინიკის ცნობით, ინფრასტრუქტურითა და სერვისების ხარისხით უპრეცედენტოა და ის  პაციენტებს საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას 24 საათის მანძილზე გაუწევს. ცენტრი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მას ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მრავალწლიანი გამოცდილების სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი,  დავით ციბაძე უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ სრული პედიატრიული მომსახურების ფარგლებში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას იწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი; ასევე, ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები.

მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასა და სამედიცინო მომსახურების სრულყოფაში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები მონაწილეობდნენ. ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის, „მეიოს კლინიკის“ დელეგაციამ სამუშაო სასწავლო შეხვედრების ციკლი ჩაუტარა „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს, საფუძველი ჩაეყარა გერმანიის „კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან“ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველმა ექიმებმა სტაჟირება გერმანიაში გაიარეს.

გარდა ამისა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საფრანგეთის მოწინავე კლინიკასთან  – „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალთან“, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრნენ, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალსს“ ეწვევიან. აღნიშნული თანამშრომლობების მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში დაინერგოს ევროპული და ამერიკული მედიცინის  მიღწევები და შესაძლებელი გახდეს პაციენტებისთვის საუკეთესო პედიატრიული მომსახურების მიწოდება.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსის“ არსებულ მისამართზე- კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს და ჰოსპიტალის ახალაშენებულ კორპუსშია განთავსებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები