ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა (Georgian Securities Settlement System – GSS System) ამოქმედდა.
როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას შესთავაზებს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული იქნება.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა ეროვნულ ბანკში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მიმდინარე წლის 3 დეკემბერს კი ამ სისტემის თვისობრივად განახლებული ვერსია ამოქმედდა და შესაძლებელია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ფასიან ქაღალდებით ვაჭრობა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი სისტემის დანერგვაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ეროვნული ბანკისა და თბილისის საფონდო ბირჟის ერთობლივი მასშტაბური პროექტი, ქართული კაპიტალის ბაზრის ძირეულ ტრანსფორმაციას ისახავდა მიზნად. საგულისხმოა, რომ პროექტი ეროვნული ბანკის და კერძო საფინანსო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. მარეგულირებლის ინფორმაციით, ახალი სისტემა ფასიანი ქაღალდებით ურისკო, სწრაფ და უსაფრთხო ოპერაციებს უზრუნველყოფს. ოპერაციების ავტომატიზებულობა ნაკლებ დროს და ადამიანურ რესურს საჭიროებს, რაც მომსახურების ტარიფებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ახალი სისტემა ეროვნული ბანკის სერვერებზე განთავსდება და მის უწყვეტ ფუნქციონირებას და დაცულობას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. ფულადი ანგარიშსწორება ეროვნული ბანკის კიდევ ერთი სისტემის – RTGS-ის საშუალებით მოხდება. აღნიშნული კი ფულადი და ფასიანი ქაღალდების სინქრონულ დასრულებას უზრუნველყოფს, რაც ე.წ. DvP ტიპის ურისკო ანგარიშსწორების გარანტიაა. GSS სისტემა თავისი ფუნქციებით ინოვაციურია. ახალი სისტემა ისეთ თანამედროვე მიდგომებს მოიცავს, როგორიცაა ლიკვიდობის მართვის ეფექტიანი მექანიზმები, ნაწილობრივი გადახდები, საპირისპირო ტრანზაქციების გაქვითვა (ნეტ ანგარიშსწორების პრინციპით), ავტომატური დაგირავების და დღის შიდა სესხების მოქნილი მექანიზმები. GSS სისტემაში კომერციულ ბანკებთან ერთად საბროკერო კომპანიებიც ჩაერთვებიან, რაც მათ სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. სისტემა ინტეგრირებული იქნება როგორც საფონდო ბირჟის ახალ, ასევე ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმებთან, რაც ვაჭრობის და ანგარიშსწორების მთლიანი ციკლის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. შედეგად კი გარიგების დადებიდან მის ანგარიშსწორებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი იქნება საჭირო.
ახალი სისტემის დანერგვით, მოქმედი პროცედურები და ანგარიშსწორების წესები შეიცვლება და თანამედროვე პრინციპებს დაეყრდნობა. ინვესტორების ფასიანი ქაღალდები უფრო საიმედოდ იქნება დაცული და საჭიროებისამებრ მათი ფულად გადაქცევა, გაყიდვის, დაგირავების ან რეპო ოპერაციების გზით უფრო ადვილი და მოსახერხებელი გახდება. ეს კი უდავოდ გაზრდის ქართული კაპიტალის ბაზრის მიმზიდველობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.
„ეროვნული ბანკი უაღრესად დიდ ყურადღებას უთმობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ვაკეთებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვმუშაობთ ახალი კანონების შექმნასა და ძველის განახლებაზე, დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ ფინანსურ განათლებაზე. 2010 წელს ეროვნულ ბანკში დაინერგა ფასიანი ქაღალდების და ფულით ანგარიშსწორების თანამედროვე სისტემები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისათვის. ამ სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე. სწორედ ამ წარმატებამ გადაგვაწყვეტინა გაგვეზიარებინა გამოცდილება კაპიტალის ბაზრისთვისაც. დღეს სიამაყით გვსურს განვაცხადოთ, რომ ახალი სისტემა წარმატებით დაინერგა და 3 დეკემბრიდან გარიგებები ამ სისტემის მეშვეობით ხორციელდება. ახალი სისტემა ბაზრის მონაწილეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ბროკერებს შეეძლებათ თანაბრად მარტივად ივაჭრონ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით და დადებული გარიგებების ანგარიშსწორება ელექტრონული ფორმით, სწრაფად და დაცულად განახორციელონ. ახალი თანამედროვე სტანდარტების სისტემა, სხვა თანმდევ რეფორმებთან ერთად, საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.