სასიხარულოა, რომ ფერმერთა სათათბირო ფუძნდება, რომელიც იქნება საკომუნიკაციო პლატფორმა სამინისტროსა და ფერმერებს შორის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ფერმერთა სათათბირო ხელს შეუწყობს ფერმერთა საჭიროებების უფრო მეტად წარმოჩენას და მათ დახმარებას.
“ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება კომუნიკაციას ფერმერებთან, იმ კონკრეტულ კერძო სექტორთან ურთიერთობას, რომლებზეც ჩვენი გადაწყვეტილებები ვრცელდება. შესაბამისად, ორგანიზებული ფორმით ფერმერთა სათათბიროს არსებობა ჩვენ გვეხმარება რომ მათი საჭიროებები უფრო მეტად დავინახოთ და შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკაში მათი საჭიროებები პირდაპირ აისახოს. ასევე, ჩვენი პროექტების დაგეგმვის დროს გათვალისწინებული იყოს მათი ინტერესები”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფერმერთა სათათბიროში ქვეყნის 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ფერმერი იქნება წარმოდგენილი. ახალი საკონსულტაციო ორგანო სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება ჩართული და აქტიურად შეუწყობს ხელს ფერმერების საქმიანობის განვითარებას. სათათბიროს ფორმირება ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.