სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის, სახელმწიფო პროგრამების – „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში, პროგრამა „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარებს პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით კი, პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებს პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგები ჩაუტარდებათ (მათ შორის, ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში).
მემორანდუმის ფარგლებში, წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, პროგრამების ბენეფიციარ საწარმოებსა და ინდ. მეწარმეებთან სასერტიფიკატო პროგრამის GLOBAL GAP-ის დანერგვა იქნება შესაძლებელი.
მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ და USAID/REAP-ის დირექტორმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა მოაწერეს.
”შეთანხმების მიზანია გაშენებული ბაღებისა და რეაბილიტირებული ჩაის ნაკვეთების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია რომ ბენეფიციარები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ ბაღების გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარებს სრულად, 100%-ით, დაუფინანსდებათ პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარების ხარჯები. USAID/REAP ასევე სასერტიფიკატო პროგრამის GLOBAL GAP-ის დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ით თანადაფინანსებას მოახდენს, ხოლო დარჩენილ 50%-ს ბენეფიციარი გადაიხდის.
დახმარებას მიიღებს პროგრამა „დანერგე მომავალში“ ჩართული 234 ბენეფიციარი და პროგრამა ქართულ ჩაიში“ ჩართული 7 ბენეფიციარი.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიან აგროპროექტს ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.