LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

103

“საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება და, ამ მხრივ, პრობლემა პრაქტიკულად არ გვაქვს,” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, ჰაერში ტყვიის შემცველობას გარემოს ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული ანალიზით იკვლევს და მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰაერში ტყვია ფიქსირდება. მეგრელიშვილი, ასევე, გამორიცხავს ტყვიის საწვავში არსებობას.

მისი თქმით, 2017 წლის შედეგებმა დაადასტურა, რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეზე 35-ჯერ დაბალი იყო. მისივე განცხადებით, ქვეყანაში 2005 წლიდან აკრძალულია ტყვიის შემცველი ბენზინის მოხმარება და ბოლო წლებში ჩატარებულ არცერთი კვლევით, იქნება ეს არასამთაბვრობო სექტორის მონაცემები, ჟურნალისტური გამოძიება თუ სახელმწიფო კონტროლი, ტყვიის დასაშვებზე მეტი შემცველობა ჰაერში არ დაფიქსირებულა.

„ტყვიის წყაროებს სწორად უნდა მივაგნოთ და პრობლემა ვეძებოთ იქ, სადაც ამის ყველაზე მაღალი ალბათობაა – სათამაშოებში, საღებავებში. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სუნელების რაოდენობას საღებავებით ზრდიდა,“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება გოგირდის დიოქსიდს, მეგრელიშვილის თქმით, ჰაერში ამ ნივთიერების შემცველობაც დაბალია. მისი განმარტებით, ასეთი მცირე კონცენტრაციის მიზეზი ისაა, რომ 2012 -2017 წლებში ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შემცირდა და დღეს მოხმარებულ საწვავში ამ ნივთიერების შემცველობა ულტრამცირეა, ერთ კილოგრამ ბენზინზე 10 მილიგრამზე ნაკლები.

ნოე მეგრელიშვილის თქმით, დედაქალაქშიც კი გოგირდის შემცველობა ევროპულ დონეზე გაცილებით დაბალია. რაც შეეხება ბენზოლს, მისივე განცხადებით, მცირე დარღვევები ამ კუთხითაც ერთეულ შემთხვევაში დაფიქსირდა. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში მთავარი დამბინძურებელია აზოტის დიოქსიდი, რაც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვის შედეგია და, ასევე, მთავარი დამბინძურებელი მყარი ნაწილაკები – მტვერია.

magti 5g