საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ხარისხი საბაჟოზევე გაკონტროლდება
იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ხარისხს შემოსავლების სამსახური და ნავთობიმპორტიორები ერთად გააკონტროლებენ. ამის შესახებ მემორანდუმი შემოსავლების სამსახურსა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციასა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს შორის დღეს გაფორმდა.
მემორანდუმი ნავთობპროდუქტების სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრების გაძლიერებას ემსახურება. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფისკალურ სტაბილურობას, დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილის განმარტებით, ნავთობპროდუქტები ხარისხობრივად საბაჟოზე გაკონტროლდება. ”საქართველოში ნავთობპროდუქტები არ იწარმოება და მისი 100 %-ის იმპორტი ხორციელდება. ასე რომ, საბაჟოს საზღვრებზე შემოსავლების სამსახური ახორციელებს კონტროლს და მონიტორინგს. შესაბამისად, საზღვარზე მოხდება იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ხარისხის გადამოწმება. რიგ შემთხვევებში ეს იქნება დოკუმენტური ფორმით, თუ საჭირო გახდა ჩაუტარდება ლაბორატორიული შემოწმებაც”, – განაცხადა თაბუაშვილმა.
შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, მემორანდუმი ბიზნესისა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მაგალითია.
”მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესი ერთად იზრუნებენ იმაზე, რომ სახელმწიფომ მიიღოს კუთვნილი შემოსავლები, ბიზნესი განვითარდეს და ამავე დროს, ვიზრუნოთ გარემოზე” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კოტრიკაძემ და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.