წელს დიდების „ევროვიზიაზე“ საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს, რომელმაც წლების წინ საქართველოს პატარების „ევროვიზიაზე“ 2008 წელს გამარჯვება მოუტანა. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოვიგეთ პატარების კონკურსი და ამაში თავისი დიდი წვლილი კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ შეიტანა, რომელიც „სარკეს“ ესაუბრება. „ბზიკების“ ახალი სიმღერაც სწორედ გიგას დაწერილია:
„საბავშვო ევროვიზია“ მაშინ კოპლებიანი კაბებით და ბაფთიანი ბავშვებით იყო სავსე და ძველებური სიმღერებით. „ბზიკები“ კი პროგრესული იმით იყო, რომ ტექნომუსიკა გამოვიყენეთ, რაც წარმოუდგენელი იყო ბავშვებისგან. ვიზუალით, იდეით, უცნაურობით და განსხვავებულობით სასწაული მოახდინა.
შოკში ვიყავით, ასეთ გამარჯვებას არ ველოდით. მახსოვს, საქართველოში ისეთი კრიტიკა მოჰყვა, ეს სიმღერა რომ გავაკეთე, ძალიან ცნობილი ადამიანებიც კი საშინელებებს ამბობდნენ, ეს რა არის, როგორ შეიძლება, ვინ არის ეს გიგა კუხიანიძე, ამ ბავშვებისგან ასეთ რამეს რომ აკეთებსო. დიდ ქარცეცხლში ვიყავი და უზომოდ ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, ეს რა იყო, ბულინგი თუ კრიტიკა. შეშინებული ვიყავი, დანაშაული ხომ არ ჩავიდინე, ან რაღაც უკადრებელი ხომ არ ვიკადრე, ხომ არ დავღუპე ეს პროექტი-მეთქი. 27 წლის ბიჭი ვიყავი. ვერც ვიაზრებდი, რასთან მქონდა საქმე. ყველა ჩემზე ტეხდა ჯოხს და ისეთ დღეში ვიყავი… საზოგადოების ნაწილმა ვერ მიღო და იყო ერთი ამბავი. მერე კი, როდესაც გავიმარჯვეთ, ყველაფერი შეიცვალა. როცა წარმატებას აღწევ, მერე ყველას ყველაფერი მოსწონს. წარუმატებელს არაფერს გპატიობენ. ასე უცნაურად დაიწყო ეს პროექტი ჩემთვის…“
