საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საბანკო სექტორში ხაზინის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემა დაინერგება.
აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ბანკების ხაზინების ეფექტიანობის ზრდას, საოპერაციო და ფინანსური რისკების უკეთ მართვას. ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფინანსური ბაზრების მუშაობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
ხაზინის მართვის პროგრამული სისტემის უზრუნველყოფის პროექტში ჩართვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ხაზინების ასოციაციამ და ექვსმა კომერციულმა ბანკმა (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი და ბანკი ქართუ).
სისტემის შერჩევისას მხარეებმა საერთაშორისო გამოცდილება და არსებული პრაქტიკა შეისწავლეს, რის შემდეგაც არჩევანი MUREX MX.3-ზე შეაჩერეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა 65 საერთაშორისო ბანკს აქვს დანერგილი.