საქართველოში ხის ოპტიკური სათვალეების წარმოება დაიწყო. პროდუქციას ნატურალური ხისგან დამზადებული ქართული სათვალეების შემქმნელი კომპანია Bros eyewear -ი უშვებს.
როგორც ”ფორტუნას” Bros eyewear-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ირაკლი გამთენაძემ განუცხადა, ბრენდმა საკუთარ წარმოებას ოპტიკური მიმართულება ცოტა ხნის წინ დაამატა და სამი მოდელის სათვალე შექმნა.
”მოგეხსენებათ, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ხის მასალაზე, შესაბამისად, ოპტიკური სათვალეებიც ხისგან დამზადდა და უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ამასთან, ბოლო პერიოდში Bros eyewear -ის მიერ შექმნილ პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, გაყიდვებიც წარმატებით ხორციელდება”, – განმარტა გამთენაძემ.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებელს ხის სათვალეების შეძენა რამდენიმე მაღაზიასა და სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლია. სათვალეების ღირებულება კი 210-დან 347 ლარამდე მერყეობს.
ამასთან, როგორც ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აღნიშნა, კომპანია მომხმარებელს პერიოდულად ფასდაკლებების აქციასაც თავაზობს. ირაკლი გამთენაძის თქმით, საახალწლო პერიოდში Bros eyewear-ის პროდუქცია საკმაოდ დაბალ ფასად გაიყიდება.
ცნობისთვის, ბრენდი Bros eyewear 2015 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები ძმები ირაკლი და ლევან გამთენაძეები არიან. ამ ეტაპზე კომპანიას ხის სათვალეების 11 მოდელი აქვს შექმნილი. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, Bros eyewear-ის რეალიზაცია ესპანეთში ხორციელდება. ბრენდმა საათვალეების ორი პარტია აღნიშნულ ქვეყანაში უკვე გაგზავნა, სამომავლოდ კი რუსეთისა და სომხეთის ბაზრებზე შესვლაც იგეგმება.