8-10 ნოემბერს, პირველად საქართველოში, კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი WineCast გაიმართება.
საფესტივალო დღეების მანძილზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ფილმების ჩვენებებს, კინოს მასტერკლასებს, ქართული და ამერიკული ღვინის დეგუსტაციებს, ქართული უნიკალური ყველისა და ღვინის შეხამების მასტერკლასებს, ცოცხალი მუსიკის საღამოებს.
ფესტივალის პირველ დღეს – 8 ნოემბერს, თბილისში, ღვინის მუზეუმისა და თამადის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზეიმოდ გაიხსნება ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის მემორიალური დაფა, რითაც საფუძველი ჩაეყრება „ვაზის ხეივნის“ დაარსებას დედაქალაქის ისტორიულ უბანში. აღსანიშნავია, რომ აქვე შედგება ირაკლი კვირიკაძის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ქვევრი“ ჩვენება და საფერავის დეგუსტაცია.
9 და 10 ნოემბერს ფესტივალი კახეთში, წინანდლის მამულში გადაინაცვლებს, სადაც უახლესი და კლასიკად წოდებული ფილმების ჩვენება და რეჟისორებთან დისკუსიები გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში შედგება შეხვედრა რეჟისორ ნანა ჯორჯაძესთან, რომელიც ფესტივალის საპატიო სტუმარია. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება დაესწროს ოსკარზე წარდგენილი მისი ფილმის „შეყვარებული კულინარის 1001რეცეპტი“ ჩვენებას, რომელშიც პიერ რიშარი და ნინო კირთაძე მონაწილეობენ.
ფესტივალის სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა გაიცნონ ამერიკული კინო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, დაესწრონ მათ მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს და შეიხედონ ამერიკული კინო ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში. სპეციალურად ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კინოპროგრამის „American film showcase“ მიერ ორგანიზებული ვორქშოპი ჩატარდება
ფესტივალის ფარგლებში შედგება უკრაინული გახმაურებული ფილმის „დაჭრილი მიწა“ პრემიერა. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია რეჟისორთან. პარალელურად, დაგეგმილია უკრაინული ღვინის პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ წინანდალში წარმოდგენილი იქნება ბრმა დეგუსტაციის გზით შერჩეული 30-მდე ქართული მეღვინეობის პროდუქცია და გაიხსნება 100-ზე მეტი დასახელების საუკეთესო ღვინის გამოფენა.
ამერიკიდან მოწვეული მაგისტრი სომელიეები ჩაატარებენ მასტერკლასებსა და ამერიკული ღვინის დეგუსტაციებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ კალიფორნიული საუკეთესო ღვინოები და გაეცნონ ამერიკული ღვინის კულტურას.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში სომელიეების რჩეული ღვინოები და საუკეთესო კინო პროექტის ავტორები გამოვლინდებიან.
რაც შეეხება მუსიკალურ საღამოებს, 9 ნოემბერს, წინანდლის ამფითეატრში, მსმენელის წინაშე სალიო, 10 ნოემბერს კი გიგი პიანომენი წარდგება.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოს აქ.