BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ დასაქმებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს აჯამებს, მიმდინარე კვარტალში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
აღსანიშნავია, რომ გასული კვარტლების განმავლობაში მომატებული ეკონომიკური აქტივობის საპასუხოდ, კომპანიებმა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდეს. წინა პერიოდის მკვეთრი ზრდის შემდეგ კი, ზრდის ტემპი ნელდება და გამოკითხულთა უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობის უცვლელად შენარჩუნებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია აქვეყნებს.
მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპი შენელებულია, კომპანიების ნაწილი მაინც გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. თუმცა დასაქმების ცვლილებასთან დაკავშირებული გეგმები განსხვავდება სექტორების მიხედვით. ცნობისათვის, კვლევის ფარგლებში, კომპანიები ჯგუფდება ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. ამ სექტორებიდან აღსანიშნავია მშენებლობა, სადაც გაყიდვებისა და ფასების ზრდის პროგნოზის ფონზე, გამოკითხულთა 36% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასაც პროგნოზირებს. ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორები მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ წინა კვარტლებში არსებულ ტრენდს, ხოლო მომსახურების სექტორი, წინა კვარტლებში დასაქმებულთა მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის ფონზე, ძირითადად დასაქმებულთა რაოდენობის უცვლელად შენარჩუნებას პროგნოზირებს (გამოკითხულთა 84%).
ცნობისთვის, დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მოსაზრებებს აჯამებს. კვლევის შედეგები ყოველ კვარტალში ქვეყნდება და საზოგადოებას აცნობს ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.
კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, იხილეთ ბმულზე.