ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევების შედეგების წარდგენა დღეს გაიმართა.
მთავარ მიგნებებზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ლგბტი ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებები მცირდება, თუმცა მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
“ლგბტქი ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და მარგინალურ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციასა და ძალადობას განიცდიან, ხოლო მათი უფლებების დაცვისა და პრაქტიკაში რეალიზების მხრივ, კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ლგბტქი თემის მიმართ თანდათან მცირდება, რაც გაეროსა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარებულმა ორმა ახალმა კვლევამაც დაადასტურა.
ახალი კვლევები ცხადყოფს, რომ ლგბტქი ჯგუფის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კვლავაც გამოწვევად რჩება, თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პოზიტიური ცვლილებებიც შეინიშნება.
მაგალითად:
◼ 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ლგბტქი თემის მიმართ;
◼ გამოკითხულთა 20.6%-ით ნაკლები (55.9%) ფიქრობს, რომ ლგბტქი ჯგუფის თანასწორობისთვის ბრძოლა საკუთარი ცხოვრების წესის სხვებისთვის თავზე მოხვევა ან პროპაგანდაა;
◼ თითქმის 20%-ითაა (56.8%-მდე) შემცირებული თემის უფლებადამცველების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც.
◼ რესპონდენტთა 48.2% მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ლგბტქი ადამიანები პრივილეგიებისთვის იბრძვიან და არა – თანასწორუფლებიანობისთვის, 39.5% კი ფიქრობს, რომ საქართველოში მათი უფლებები დაცულია.
თუმცა, ამავდროულად, გამოკითხულთა 38.6% ამბობს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი ჯგუფის მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე.
“კვლევები მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.
ღონისძიება შვედეთის მთავრობისა და გაეროს სამი სააგენტოს — გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN ჭომენ), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელშეწყობით ჩატარდა.
მას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და აქტივისტები დაესწრნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.