LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მცხოვრები ევროპელი ამბობს, რომ აქ გაცილებით თავისუფალია, ვიდრე ევროპაში იქნებოდა – გია ნოდია

75

“გუშინ სიტყვის თავისუფლების ერთი ამერიკელი დამცველის ლექციაზე ვიყავი. იქ ერთი საქართველოში მცხოვრები ევროპელიც გამოვიდა და თქვა, რომ პირადად ის გაცილებით უფრო თავისუფალია მისი აზრების საჯაროდ გამოხატვაში, ვიდრე ევროპაში იქნებოდა,” – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

ნოდია მიიჩნევს, რომ ეს აზრი შესაძლოა, მოულოდნელია, ცოტა გაზვიადებულიც, თუმცა არსებითად სწორია.

გია ნოდია ყვება, რომ ნახსენები ადამიანი საქართველოში 6 წელია, ცხოვრობს და ახლა ევროპაში ეძებს სამსახურს.

“ამის გამო ფეისბუქი გააუქმა, რადგან მისი აზრები ხშირად არამეინსტრიმულია (ანუ „არაპოლიტკორექტულია“) და მისმა პოტენციურმა დამქირავებლებმა ისინი რომ ნახონ, შეიძლება, ვეღარ გაბედონ მისი სამსახურში აყვანა. საქართველოში კი კერძო ინდივიდები თავისუფლად გამოხატავენ ნებისმიერ აზრს (ხელისუფლების ყველაზე მწვავე კრიტიკის ჩათვლით). ისიც იცოდა, რომ მთავრობა “რუსთავი2″-ის დახურვას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაუხურავს და სანამ ეს ასეა, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალი რჩება, ვიდრე ევროპაში,” – წერს გია ნოდია.

ნოდია მიიჩნევს, ფორმალური კანონმდებლობის მიუხედავად, ზოგჯერ სოციალური სინამდვილე სხვაა და განმარტავს, რომ სოციალური ცენზურა შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვაზე უფრო ძლიერიც იყოს, მეტიც, შესაძლოა, სახელმწიფოსაც მოსთხოვოს ცენზურის დაწესება.

“დასავლეთში პროგრესული ახალგაზრდობა სულ მეტ და მეტ ცენზურას ითხოვს, რომ მისთვის მიუღებელი აზრების გამოთქმა აიკრძალოს. ამერიკის კონსტიტუციური ტრადიცია, მადლობა ღმერთს, შეუძლებელს ხდის, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდეს, მაგრამ, ვთქვათ, უნივერსიტეტებში თავისუფალი აზრის გამოხატვა სულ უფრო მეტად იზღუდება და ამ ტენდენციას უნივერსიტეტების ადმინისტრაციები მონურად უჭერენ მხარს. ევროპაში ე. წ. „სიძულვილის ენის“ წინააღმდეგ ბრძოლა კანონმდელობაშიც გადაიზარდა. ამით დასავლური ცივილიზაცია საფუძველს აცლის იმას, რამაც ყველაზე დიდი წარმატებები მოუტანა – აზრის თავისუფლებას. ახალ ჯორდანო ბრუნოებს ჯერ არ წვავენ, მაგრამ მორალური ატმოსფერო აქეთ იცვლება,” – წერს გია ნოდია.

ნოდია მიიჩნევს, რომ კომუნისტური წარსულის გამო, მის თაობაში ცენზურის სრული მიუღებლობაა, თუმცა, ტენდენცია შესაძლოა, შეტრიალდეს.

“ამ მხრივ ჩვენი კომუნისტური წარსული ერთგვარი უპირატესობაა, ჩემს თაობაში მაინც. მან ნებისმიერი ცენზურის სრული მიუღებლობა დაგვიტოვა; ჩვენში პოსტ-კომუნისტური იმუნიტეტი ჯერ კიდევ მუშაობს. მეტიც, უკანასკნელი სოციალური ტაბუ, რომელიც ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ მოქმედებდა, იხსნება – ჩვეულებრივი ამბავი გახდა ეკლესიის და მისი პარტიარქის კრიტიკა, სქესობრივ უმცირესობათა უფლებების ღია დაცვა (და ამგვარი ორიენტაციის ღიად გაცხადება) და ა. შ.

“მაგრამ ტენდენცია შეიძლება, შეტრიალდეს. ჩვენშიც გაჩნდა პროგრესული ახალგაზრდობა, რომელიც (ცხადია, უაღრესად კეთილშობილი მოტივებით) ცენზურის შემოღებას ცდილობს; მასთან უნისონშია მთავრობა, რომელსაც უნდა, ინტერნეტში გინება შეზღუდოს, ან სხვა ჯგუფები, ვინც, ვთქვათ, ეკლესიის თუ მისი პატრიარქის კრიტიკის კრიმინალიზაციას მოითხოვს. ასე რომ, მეტი თავისუფლება აზრის გამოხატვის სფეროში შეიძლება, დიდხანსაც ვერ შევინარჩუნოთ,” – წერს პოლიტოლოგი.

https://www.facebook.com/ghia.nodia/posts/10155672741438571

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g