“კრედიტინფოს” ინფორმაციით, საქართველოში მსესხებლების 11,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
2023 წლის თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 226 302 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 458 149 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, თებერვლის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 435 ადამიანს აქვს, ჯამში 39 884 430 835 ლარის მოცულობის.
ინფორმაციის თანახმად, მსესხებლების 84% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, თებერვლის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 387 915 981 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 621 251 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8.2%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 132 566 -ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 743 660 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 026 984 721 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 126 273 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 22 571 ადამიანს კი, ჯამში 469 530 133 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 3 872 ადამიანს უფიქსირდება.