ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით საქართველოში ვითარება კვლავ მძიმეა. ამაზე საუბრობს როგორც სახალხო დამცველი, ასევე – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
როგორც რადიო ”ფორტუნასთან” გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ აღნიშნა, ძალადობა ბავშვების მიმართ ძირითადად ხდება ოჯახებში, „დახურულ კარს მიღმა“ და სწორედ ამ მიზეზით, ბევრი ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს.
გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა კვლევა მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით და როგორც მაია ქურციკიძემ აღნიშნა, შედეგი სავალალოა – გამოკითხული მოსახლეობის 60 % იყენებს ძალადობას ბავშვის აღზრდისას და მიიჩნევს, რომ ბავშვის ფიზიკურად დასჯა ნორმალური და მიღებული ნორმაა.
გაეროს ბავშვთა ფონდი სახელმწიფოს რეკომენდაციას ორი მთავარი მიმართულებით აძლევს : სახელმწიფოში აუცილებელია არსებობდეს დაცვის ძალიან ძლიერი მექანიზმი. დღესდღეობით არსებობს ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები, რომელიც ავალდებულებს ბავშვებთან მომუშავე ყველა პროფესიონალს, იქნება ეს მასწავლებელი, ექიმი თუ სამართალდამცველი, შეატყობინოს სოციალური დაცვის სამსახურს, თუ ის გახდება მოწმე ბავშვზე ძალადობისა ან აღმოაჩენს ძალადობის ნიშნებს.
თუმცა როგორც მაია ქურციკიძემ აღნიშნა, არსებობს მავნე პრაქტიკა, რომ ვალდებულების მიუხედავად, არც ეს პროფესიონალები ატყობიდებდნენ სოციალურ მუშაკს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებს იმ მიზეზით, რომ ეს სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევაა.
სწორედ ამის გათვალისწინებით UNICEF კიდევ ერთ რეკომენდაციას იძლევა:
„ყველამ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა აიმაღლოს ხმა თუ გახდა ძალადობის მოწმე, ვინაიდან ვერცერთი სახელმწიფო მექანიზმი ვერ იმუშავებს ეფექტურად, თუ შესაბამის ორგანოებს არ მიეწოდათ აუცილებელი ინფორმაცია“.
რაც შეეხება საქართველოში ბავშვებისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და ნორმალური განვითარებისათვის ხელმისაწვდომობას, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის თქმით, ბავშვთა რაოდენობა, რომელსაც ჩამოთვლიიდან არცერთი მომსახურების მიღების საშუალება არ აქვს, საკმაოდ დიდია.ბოლო, 2015 წლის კვლევის – „ბავშვთა სიღარიბის შესახებ“, მონაცემები ერთ თვეში გახდება ცნობილი.
მაია ქურციკიძის განმარტებით, ახალ, 2015 წლის კვლევაში სავარაუდოდ პოზიტიურად უნდა აისახოს განხორციელებული სოციალური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი, სოციალურად დაუცველი და ღარიბი ოჯახებისთვის, 10 ლარის დანამატია, ეს დახმარება 2015 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში.
„ამ სოციალური რეფორმით პოზიტივისკენ შეიცვალა სისტემა, რომელიც არ იყო სათანადოდ ორიენტირებული იმ ბავშვიან ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე იყვნენ. იმედი გვაქვს, ეს აისახება ახალი კვლევის შედეგებზე,“ – განაცხადა მაია ქურციკიძემ.
მისივე ინფორმაციით, მძიმე პრობლემად დგას ჯერ კიდევ კვების დეფიციტი ბავშვებსა და ქალებში.
UNICEF რეკომენდაცია, 6-დან 23 თვემდე ბავშვებისთვის კვებითი დანამატების შესახებ უკვე ძალაშია: 6 –დან 23 თვემდე სოციალურად დაუცველი 13 ათასამდე ბავშვი 15-კომპონენტიან ვიტამინებისა და მინერალების კვებით დანამატს სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებს. ეს იქნება მთელი რიგი დაავადებების პრევენცია და ბავშვის სწორი განვითარების ხელშეწყობა. მაია ქურციკის განცხადებითვე, სახელმწიფო მიმართ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საქართველოში შეიქმნას უფრო ეფექტიანი, ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ოჯახებს დაეხმარება გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს და სათანადოდ იზრუნონ შვილებზე.
”ქვეყანაში ძლიერი სოციალური დაცვის სისტემა უნდა შეიქმნას, რომ დაეხმაროს ოჯახებს გაძლიერებაში, შემოსავლის წყაროს მოძებნაში, რაც თავის მხრივ, მათ შრომის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში შეუწყობს ხელს, ეს შვილებზე სათანადო ზრუნვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იქნება – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა.