საქართველოში N1 კონცეპტუალური სახაჭაპურე ქსელი დაიბადა, სახელწოდებით „გუნდა“, სადაც ხაჭაპურის 47 სახეობას დააგემოვნებთ.
„გუნდა“ – ენთუზიასტი ანტრეპრენორების მიერ შექმნილი პროექტია, რომლის იდეა მათი საერთო შეხედულებების შედეგად დაიბადა. პროექტის ავტორები დააფიქრა იმ მარტივმა და სამწუხარო ფაქტმა, რომ ხაჭაპური მისივე მშობელი ქვეყნის მიერ არ არის სათანადოდ დაფასებული.
„ამ ფიქრებს არსებული რეალობაც დაემატა, რომელშიც არ არსებობს კონკრეტული ადგილი, სადაც ადამიანს ყოველთვის გემრიელი და განსაკუთრებული ხაჭაპური ეგულება. შემდეგ ფიქრი საქმეში გადაიზარდა და ასე დაიწყო ქვეყნის მასშტაბით ხაჭაპურის ტრადიციის კვლევა. კვლევის შედეგმა, რომელმაც არაერთი უნიკალური რეცეპტი და მომზადების წესი გამოავლინა, გუნდას ავტორები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცლებზე არ უნდა დარჩენილიყო. სწორედ ასე დაიბადა ქვეყნის N1 კონცეპტუალური სახაჭაპურე ქსელი“,- წერენ პროექტის შემქმნელები “გუნდას” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
მათ სურთ, რომ ხაჭაპური, როგორც ქართული გასტრონომიის სიმბოლო, მსოფლიოს გააცნონ. „გუნდას“ ავტორებმა ორწლიანი ინტენსიური კვლევის საფუძველზე, ქართული ხაჭაპურის ათობით რეცეპტს მოუყარეს თავი და მის არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარებაშიც შეიტანეს წვლილი. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ამ კერძის 47 სახეობაა.
არსებული ინფორმაციით, „გუნდას“ პირველი წერტილი შემოდგომაზე გაიხსნება.