ფეხბურთის მეფედ წოდებული პელე შესაძლოა თბილისში ჩამოვიდეს. ეს ამბავი საფეხბურთო სამყაროსთვის ახალი არ არის. პელეს ჩვენთან სტუმრობის თემა ჯერ კიდევ წლების წინ აგორდა. ახლა კი ისევ თავიდან გაცოცხლდა. გაზეთი ”ალია” წერს, რომ პელე ჩამოსვლას დათანხმდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს.
”ალიას” ორგანიზაცია ”არგენტინის სახლი” საქართველოში ხელმძღვანელი ნიკოლოზ პატარქალიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, პელე 26 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში ჩამოვა. მთავრობაში კი ხარჯთაღრიცხვა გაგზავნილია, რაშიც იგულისხმება ტურნირის საზეიმო გახსნა, ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის გახსნა 1965 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით (იხ. ფოტო). ასევე იგეგმება დოკუმენტური ფილმის გადაღება პელესა და ქართველ ფეხბურთელთა მეგობრობაზე.
მოკლედ, პატარქალიშვილის თქმით, პელე თანახმაა, ახლა ჯერი მთავრობაზეა.
ფეხბურთის მოყვარულებს ალბათ ეხსომებათ, რომ პატარქალიშვილს ეს იდეა დიდი ხანია აქვს და არაერთხელ დაუანონსებია პელეს ჩამოყვანა, ისევე როგორც ოთხთა ტურნირის თბილისში მოწყობა, რომელშიც ბრაზილიისა და არგენტინის ახალგაზრდული ნაკრებები ითამაშებდნენ. მერე და მერე პროექტის ჩაშლის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობდნენ და ფაქტია, აქამდე ვერ გამოდიოდა, თუმცა მეორეს მხრივ ისიც ხომ ფაქტია, ერთი დაუჯერებელი მოვლენა მართლა რომ მოხდა: ნიკო პატარქალიშვილის თაოსნობით, საქართველოს არა ფეხბურთის მეფე, არამედ თვით ფეხბურთის ღმერთი დიეგო მარადონა სტუმრობდა. ამ ვიზიტის ორგანიზაციული კუთხით მომხდარ ლაფსუსებს აქ აღარ გავიხსენებთ, უბრალოდ დავძენთ, რომ პელე ამჟამად 76 წლისაა.