ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრისას მინისტრმა მათ სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით,
აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ქალი მეწარმეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და თითქმის მიუახლოვდა მთლიანი მონაწილეების 50%-ს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის გზები და ნაბიჯები, რომელიც ბიზნესს პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს პოლიტიკა ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზე იყოს მორგებული, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ბიზნესასოციაციებსა და გაერთიანებებს. მორიგი ასეთი შეხვედრა შედგა ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“, რომელიც 70-მდე ბიზნესმენ ქალს აერთიანებს. ბიზნესასოციაციების მოსაზრების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა და დღესაც ძალიან საინტერესო და საგნობრივი დისკუსია გაიმართა კონკრეტულ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის შედეგად აღმოჩნდა. ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც მათ ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.