LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რადიაციული ნარჩენების საცავის მშენებლობა იგეგმება

207

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირისა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაწყებული პროექტი მიზნად ისახავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას.

„რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შევძლებთ რადიოაქტიური ნარჩენების სწორ და მდგრად მართვას. მოგეხსენებათ, მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგია, რაც აღნიშნული თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს წარმოადგენს. ჩვენ ვაცნობიერებთ საკითხის კომპლექსურობას, არსებულ გამოწვევებს და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობით და დონორების მხარდაჭერით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, განაცხადა, რომ რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოსთვის ძალიან დროული პროექტია. ”ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მოხარული ვარ, რომ აღნიშნული მიმართულებითაც გვიწევს თანამშრომლობა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლის, ლარს ვან დასენის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების ერთად თავმოყრა და მათი უსაფრთხოების კონტროლი. „ვფიქრობ, რომ საქართველო რადიოაქტიური ნარჩენების მართვის კუთხით გამორჩეულად აქტიურია და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს“, – აღნიშნა ლარს ვან დასენმა.

პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტსაც 1 200 000 ევრო შედგენს, დაგეგმილია სიტუაციური ანალიზი, რადიაციული ნარჩენების საცავის მშენებლობის პროექტირება და მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მდგრად მართვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g