LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ლეჩხუმი“ და „რაჭა“ დაემატა

107
ღვინო

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.

საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებია: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდანახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა, ოკამი, ობჩა, ლეჩხუმი და რაჭა.

აღნიშნული ღვინოების წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.

ღვინო „ლეჩხუმი“ მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი და ქარვისფერი. ის შეიძლება დამზადდეს მხოლოდ შესაბამის მიკროზონაში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნიდან (დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება). შესაბამისი მიკროზონა კი მდებარეობს ლეჩხუმში და მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული რიონის, ლაჯანურისა და ცხენისწყლის ხეობების მევენახეობისათვის ხელსაყრელ ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების არეალს. ღვინის „ლეჩხუმი“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა.

ღვინო „რაჭა“ წითელი მშრალი ღვინოა, ღია ლალისფრიდან მუქ ლალისფრამდე. ის შეიძლება დამზადდეს მხოლოდ რაჭის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან (დასაშვებია ამავე მიკროზონის კაბისტონის, ძელშავის და საფერავის ჯიშების, ჯამურად, 15%-მდე გამოყენებაც). რაჭის მიკროზონაში, ონისა და ამბროლაურის გარდა, შედის ამ ორი მუნიციპალიტეტის სოფლები: ხვანჭკარა, წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ქვემო ჭყვიში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, ქვემო კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი, ძირაგეული, მუხლი, ნიგვზარა, ზუდალი, შარდომეთი და სორი. ღვინის „რაჭა“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ მევენახეთა ასოციაციამ „ხვანჭკარა“ მიმართა.

magti 5g