აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა. აღსანიშნავია რომ ამ მასშტაბის ზრდა FED-მა ბოლოს 1994 წელს მიიღო. გასული თვის მდგომარეობით, აშშ-ში ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება.
თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს გააძვირებს.
„FED-ის მიერ განაკვეთის აწევა მოლოდინების შესაბამისი იყო. უნდა ითქვას, რომ საქართველოში რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პერიოდი უკვე დასრულებულია და საპროცენტო განაკვეთების ზრდა დოლარისა და ევროს სესხებზეც აუცილებლად იქნება. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის, მსესხებლებისთვის და საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული თანხებისთვის კარგი არ არის. განაკვეთების ზრდის მიუხედავად, დოლარის გამყარებას არ ველოდებით.“ – აცხადებს ნადარაია.
საქართველოში საბანკო სესხების გაძვირების ტენდენციაზე საუბრობს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი, დავით რუსია და განმარტავს, რომ FED-ის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ქართულ ბანკებს დოლარის რესურსის შესყიდვა გაუძვირდებათ. შესაბამისად როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის, დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება.
გაზრდის თუ არა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს? – საკითხზე დღეს bm.ge-ს გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ინფლაცია, რომელიც 13.3%-მდე არის გაზრდილი, დღეს საქართველოს ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაა და განმარტავს, რომ სებ-ი შეისწავლის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის გადაწყვეტილების საქართველოზე გადმოცემის ეფექტებსაც, თუმცა ეს განაკვეთებსა და დაკრედიტებაზე მყისიერად არ აისახება. ამასთან, მესტვირიშვილი არ გამორიცხავს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიმართულებით გადახედვის შესაძლებლობას, “თუ ამის საჭიროება იქნება”.
“რადგანაც FED-მა დაიწყო საკმაოდ აგრესიულად პროცენტის ზრდა, უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რამდენად სწრაფად გადმოეცემა ეს ჩვენ ბაზარს, რომ დაგვჭირდება თუ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება თუ არ გვჭირდება.
შემდეგი სხდომა გვაქვს მომდევნო კვირაში და სავარაუდოდ ეს შედეგები შემდეგი სხდომისთვის არ იქნება, ვინაიდან გარკვეული დრო სჭირდება, რათა დავაკვირდეთ, თუ რა დინამიკა გვაქვს სესხების კუთხით მას შემდეგ, რაც ჩვენ სხვადასხვა მაკროპრუდენციული ზომები გამოვიყენეთ. არც მონეტარული პოლიტიკის ზრდა არის გამორიცხული, თუ ამის საჭიროება იქნება და არც სხვა ინსტრუმენტების ცვლილების,”- განმარტავს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 ივნისს რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მარტიდან მოყოლებული საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე არის გაზრდილი, რაც რეკორდულად მომატებული ინფლაციის შეკავებას ისახავს მიზნად.