LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რემონტი და ავეჯის დამზადება გაძვირდა

315

საქართველოში რემონტი გაძვირდა. „ფორტუნასთან“ ხელოსნები ამბობენ, რომ ეს ეროვნული ვალუტის კურსის კლებამ გამოიწვია. ლარის გაუფასურებამ სამშენებლო, სარემონტო და ავეჯის დასამზადებელი მასალის ფასები გაზარდა.

ავეჯის ხელოსანი, მამუკა ღამბაშიძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ ლარის კურსი მის საქმიანობაზე უარყოფითად აისახა.

’’მას შემდეგ რაც გაძვირდა დოლარის კურსი,   მოიმატა მასალების ფასმაც. მაგალითად: 10-დან 20 ლარამდე გაძვირდა ლამინატის და MDF-ის  ღირებულება. ლამინატის ერთი ფილის გაჭრა თუ ღირდა 104 ლარი, ახლა მისი ფასი 120 ლარამდეა.

რაც შეეხება აქსესუარებს, ფასი აქაც გაძვირებულია და ერთი ყუთი აქსესუარი 200 ლარი ჯდება, მაშინ,  როდესაც მისი ღირებულება  ვალუტის გაუფასურებამდე 140 ლარი იყო. ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ფასი არ გაზრდილა ხელობაზე. პირიქით, ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ არსებული ფასები/ნორმა, თუმცა მას შემდეგ, რაც დოლარის კურსმა აიწია, ახალი დამკვეთები იშვიათად ჩანს. ეს კი პირდაპირ ნიშნავს, რომ მოქმედებს ჩვენს სფეროზეც. უცხოური ვალუტის კურსის აწევით, ძვირდება როგორც სამშენებლო მასალა, ასევე საწვავიც, მასალას სჭირდება ტრანსპორტირება. საბოლოო ჯამში გამოდის,  რომ ყველაფერი ერთამენთთან არის მიბმული,  რაც ხალჯებთანაა დაკავშირებული”.

როგორც აღმოჩნდა, ეროვნული ვალუტის  დევალვაციამ ნაკლებ უარყოფითი გავლენა მოახდინა  სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლების , ე.წ. „პრარაბების“ საქმიანობაზე. გიორგი ფოლადაშვილის თქმით, სამშენებლო მასალის ფასები შედარებით  გაზრდილია, თუმცა მის სფეროში მომსახურების ფასი იგივე რჩება.

’’ლარის გაუფასურება ჩემს სფეროს საგრძნობლად არ შეხებია,  შესაბამისად, ჩვენ, ჯერჯერობით, ფასები არ აგვიწევია.  ფასის მატება კი მასალის  გაძვირებაზეა დამოკიდებული. მე პირადად,  მასალაზე ფასის მკვეთრი მატება, ჯერჯერობით,  არ შეიმჩნევა. მომატებულია, მხოლოდ გათბობის ქვაბების ღირებულება 50 ლარით, ვინაიდაინ აღნიშნული მასალა  დოლარში შემოდის,  მოსალოდნელიც კი არის ფასის მატება. რაც შეეხება ქვიშა-ცემენტს, ჯერჯერობით არ გაძვირებულა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ სფეროზე ლარის გაუფასურებას გავლენა არ მოუხდენია. მე „ვპრარაბობ“, თუკი  ყველაფერზე გაძვირდება ფასი,   შესაბამისად, მეც მოვუმატებ”.

რაც შეეხება თავად მმოხმარებლებს, ისინი ფასების მატებას, ბუნებრივია, უარყოფითად აფასებენ. როგორც “ფორტუნასთან” რუსუდან შუბითიძემ განაცხადა, სახლს ამჟამად არემონტებს და მასალის ფასები საგრძნობლად გაზრდილია. თანაც, მისი თქმით, ქართველი ხელოსნების დიდი ნაწილი საკუთარი არაპუნქტუალობით და მოუწესრიგებლობით ისედაც პრობლემებს ქმნიან და ამ სერვისისთვის გაზრდილი თანხის გადახდა ყველასთვის არასასურველი იქნება.

 

ავტორი სალომე კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g